კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა სამედიცინო დაწესებულებებს.
მართალია, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის მხოლოდ ერთი ფაქტია გამოვლენილი, თუმცა გართულებების შემთხვევაში კლინიკები, მათ შორის რეგიონებშიც, მზადყოფნაში არიან პაციენტების მისაღებად.
როგორც „მედალფას“ ლანჩხუთის კლინიკის ხელმძღვანელმა, რეზო კვერენჩხილაძემ „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივ კავშირზე იმყოფება და მზად არის შესაძლო გართულებების შემთხვევაში ყველა საჭირო ღონისძიებები გაატაროს.
კვერენჩხილაძის თქმითვე, კლინიკას ბოქსირებული განყოფილებაც გააჩნია, რომელიც ორ პაციენტზეა გათვლილი.
რაც შეეხება პირბადეებს, კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების მეორე დილიდანვე ლანჩხუთის აფთიქებში მათი დეფიციტია.
აფთიაქების ნაწილში მათი შეძენა უკვე შეუძლებელია, ხოლო სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია, იქ ლიმიტირებულად ყიდიან – ერთ ადამიანზე მხოლოდ 5 ცალს.
პირბადეების ფასებიც ხარისხის მიხედვით სხვადასხვანაირია.
ერთი პირბადის ფასი 20 თეთრიდან 95 თეთრამდეა. თუმცა, როგორც აფთიაქში განმარტავენ, ფასი ხარისხზეა დამოკიდებული.