გენერალური პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შემთხვევა თბილისში, მუხიანში მარტში მოხდა.
“გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 22 მარტს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში დაზარალებულს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.