დღევანდელ წერილში კვლავ გამოჩენილი ქართველი მოთამაშეების მოგონებებს შემოგთავაზებთ, რომლებიც იმდროინდელი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან პაექრობებს გაიხსენებენ. ამჟამინდელი თაობისაგან განსხვავებით მათ მოსაგონარი ნამდვილად გააჩნიათ.
გიორგი სიჭინავა
„1965 წელს მოსკოვში ბრაზილიას ვეთამაშეთ. ისეთი ამბავი იყო, ბევრზე დამთრგუნველად იმოქმედა. მარცხენა მცველი გვყავდა, დანილოვი – მატჩამდე ხუთი დღით ადრე უთხრეს გარინჩას წინააღმდეგ ითამაშებო და კანკალი დააწყებინა! მერე ზოგს სიცხემ აუწია, სხვებს ტრავმები „გაუმიზეზდათ”, მოკლედ, იყო ერთი ალიაქოთი. რისი ეშინოდათ დღემდე ვერ ვხვდები – გეგონება ჩვენხელა ბიჭების კი არა, მხეცების წინააღმდეგ გადიოდნენ მინდორზე.
თამაშისწინა გარჩევაზე ბარქაიას ჟერსონის აყვანა დაავალეს, მე კი პელეს „დაჭერა” ვითავე არადა, პელეს დამჭერი მე კი არა, დედამიწაზე არავინ იყო! მწვრთნელმა გვითხრა, პელეს წინააღმდეგ ვინ ითამაშებსო და ხმა არავინ ამოიღო. მე კი ისე მინდოდა ბრაზილიელებთან თამაში, ვიყვირე – მე დავიჭერ პელეს-მეთქი! ასე მოვხვდი ძირითადში. აბა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა?!
პელეს მაიკა? ჰო, თამაშის შემდეგ მე გამიცვალა მაისური. მოსკოვში 10 ათას მანეთს მაძლევდნენ სანაცვლოდ, მაგრამ არ გავყიდე. წლების მანძილზე გაგრაში მეკიდა ჩარჩოში ჩასმული. იქვე ჩემი და პელეს მატჩისშემდგომი ფოტო მქონდა გამოფენილი. ერთხელ სტუმრად ნაცნობი ქალბატონი გვეწვია და უყურა, უყურა ამ ფოტოს და მერე მეუღლეს ჰკითხა: შენი ქმარი რომელიაო?… ეჰ, კაი დრო იყო!“
რევაზ ძოძუაშვილი
„საუკეთესო მატჩი? ბევრგან დაწერილა, ხშირად მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ – 1969 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ რომ ჩავატარე, ისაა საუკეთესო. ჯორჯ ბესტი იყო იმ შეხვედრაში ჩემი მეტოქე, მას კი ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება – ლეგენდარული მოთამაშე იყო! სხვათა შორის, მის წინააღმდეგ ჩემი გამწესება ბელფასტში გამგზავრების წინა დღეს გადაწყდა. მაშინ გავრილ კაჩალინი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. დამიბარა და მითხრა, ასე და ასე ვიფიქრეთ და აბა, შენ იციო. იქვე გამაფრთხილა – თუ ამოცანას თავს ვერ გაართმევ, ნაკრების მაისურს ვეღარ ეღირსებიო. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩზე კი, მოსკოვში რომ იყო დანიშნული, ბესტი აღარ ჩამოვიდა. ჩვენ 2:0 მოვიგეთ. მეორე გოლი, თუ სწორად მახსოვს, გივი ნოდიამ გაიტანა.
ბესტის გარდა კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია: იუგოსლავიელ დრაგან ჯაიჩს ვგულისხმობ. ის 60-იანი წლების ვარსკვლავი გახლდათ! თუმცა ალალად ვიტყვი: პირადად მე ბესტსაც და ჯაიჩსაც სლავა მეტრეველი და მიშა მესხი მირჩევნია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: არც ბესტი და არც ჯაიჩი არ იყვნენ მეტრეველზე და მესხზე დიდი ფეხბურთელები! სხვა საქმეა, რომ ისინი ევროპაში თამაშობდნენ, ჩვენები კი საზღვრებჩაკეტილ საბჭოთა კავშირში.
წლების შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში ხუთფუნტიანი ბანკნოტი გამოუშვეს ბესტის გამოსახულებით. ერთი მეც გამომიგზავნეს ბარათით: ღირსეულ მოწინააღმდეგეს, რომელიც სუფთად ეთამაშა ბესტს და შეძლო მისი ნეიტრალიზება.
1972 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით, ორჯერ ვითამაშე დასავლეთგერმანელების წინააღმდეგ: ჯერ მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონის” გახსნის მატჩში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ორივე ძალიან რთული შეხვედრა იყო. ხომ გახსოვთ რა დონის ნაკრები ჰყავდათ გერმანელებს? ბეკენბაუერი, მიულერი, ზეელერი, ბრაიტნერი, მაიერი, შვარცენბეკი, ჰიონესი… სტადიონის გახსნის მატჩში ჩემს წინააღმდეგ კრემერსმა ითამაშა. იმხანად ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. ფეხი არ გავანძრევინე!
ევრო 72-ის შემდეგ, სადაც ფინალში დავმარცხდით, მე და მურთაზ ხურცილავა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაგვასახელეს! როგორია? ფინალი წავაგეთ, მაგრამ ცენტრალური მცველები სიმბოლურში მოვხვდით? იმ დროს როცა ვიხსენებ, გული სიამაყით მესვება“.
თენგიზ სულაქველიძე
„ჩემს დროს საუკეთესო „პერსონალები” იტალიელი კლაუდიო ჯენტილე და გერმანელი ჰანს-პეტერ ბრიგელი იყვნენ. პირადად მე ჯენტილე უფრო მომწონდა – გასაქანს არ აძლევდა მოწინააღმდეგეს, ფაქტიურად, მასთან ერთად ფეხბურთელი უშანსოდ იყო. და არც ისე უხეში იყო, როგორც ამბობდნენ – ჯალათი და ძვლისმკვნეტელი ნაღდად არ ყოფილა. რაც შეეხება ბრიგელს, ცხადია ისიც დიდებული იყო: მაგალითად, შეტევაში ჯენტილეზე უკეთ ერთვებოდა.
1980 წელს პირველად ვითამაშე ლეგენდარულ „მარაკანაზე”. ეს ჩემთვის გაუხუნარი მოგონებაა! როგორია, მატჩამდე სამი საათით ადრე სტადიონი რომ ივსება?! დაგაჭედილ არენებზე მანამდეც მითამაშია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი „დინამო” სულ სავსე ტრიბუნების წინ არ თამაშობდა?! მაგრამ „მარაკანა” სხვა განზომილება იყო, თან მეტოქესაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ტელე სანტანას ბრაზილია ძალიან ლამაზი და ძლიერი გუნდი იყო! სოკრატესი, ზიკო, ედერი, ჟუნიორი, ფალკაო… რომელი ერთი ჩამოვთვალო? მოთელვაზე რომ გავედით მინდორზე, 130 ათასი კაცი გუგუნებდა! მე და საშა ჩივაძე მონუსხულები ვუყურებდით ტრიბუნებს, პირველ ტაიმში კი მთელი ნაკრები წესიერ პასს ვერ ვაკეთებდით… თავიდან ბრაზილიამ გაიტანა და ვიფიქრე, „გადაგვივლიან”-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა გონს მოვეგეთ, მერე, ზიკომ რომ პენალტი ვერ გაიტანა, ცოტა გავთამამდით და საბოლოოდ 2:1 გავიმარჯვეთ! დიდებული საღამო იყო!
„მარაკანა” თუ „უემბლი”? ალბათ ბედნიერი ვარ ამ ორ სტადიონზე რომ ვითამაშე. ჩემთვის „მარაკანა” უფრო შთამბეჭდავი იყო. როგორ გითხრათ, ტევადობას რომ თავი დავანებოთ, საფეხბურთო აურა ბრაზილიაში უფრო იგრძნობოდა – ფეხბურთი ბრაზილიაში ნამდვილი რელიგიაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ინგლისელებს ნაკლებად უყვართ თამაში. „უემბლი” მხოლოდ ერთი რამით სჯობდა „მარაკანას” – ეს მინდვრის საფარია.
კარიერის განმავლობაში უამრავი ვარსკვლავის წინააღმდეგ გავსულვარ მინდორზე: ზიკო, ფალკაო, კიგანი… ნუ, მარადონაზე აღარაფერს ვამბობ – ის ფენომენი იყო!
დიეგოს ჩემი დახასიათება არ სჭირდება: ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა დონის მოთამაშე იყო. ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და ამაში ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი. მის წინააღმდეგ ორჯერ არგენტინაში ვითამაშე, ერთხელ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. ულევი ჯანის პატრონი გახლდათ, წამით მოადუნებდი ყურადღებას და მორჩა, დამთავრებული იყო ყველაფერი – ან ვინმეს გაიყვანდა მეკარესთან პირისპირ, ანაც კარისკენ გაისროდა!
მიმაჩნია, რომ მარადონას თამაშიდან „გამოთიშვა” გამორიცხული იყო. მაქსიმუმი, რაც მეტოქეს შეეძლო, მათ შორის საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, მისთვის ხელის შეშლა იყო. მარდონას მეტს ვერაფერს დააკლებდი. თქვენ გინახავთ ვინმეს მიერ გაჩერებული მარადონა? მე – არა.
ელკიაერ-ლარსენი? ჰოოო, მის გამო 1986 წელს მექსიკაში, ჩემთვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, თუმცა ეს უფრო ნაკრების მწვრთნელის ედუარდ მალაფეევის ბრალი იყო, ვიდრე ლარსენის. დანიასთან წაგებული თამაშის შემდეგ მან ყველაფერი მე დამაბრალა, ასე განაცხადა, თითქოს ელკიაერთან პერსონალურად უნდა მეთამაშა, არადა დაცვის ოთხეულს ზონაში თამაში დაგვავალა. მოკლედ, დანიამ გადაგვიარა, წაგებაში კი მალაფეევი პირადად მე „მადანაშაულებდა”. მას პირში ვუთხარი, არასწორად ლაპარაკობ-მეთქი. ამის გამო „დამსაჯა” – გუნდს ჩამომაშორა! სხვათა შორის, სანაკრებო გარჩევაზე ოლეგ ბლოხინმა და რინატ დასაევმა მე დამიჭირეს მხარი“.
რევაზ ჩელებაძე
„საბჭოთა კავშირის ნაკრებში პირველად ნიკიტა სიმონიანმა მიმიწვია. ბედნიერი ვარ, იმ გუნდში რომ მოვხვდი! ძალიან მაგარი ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია და ამას ყოველთვის ტკბილად გავიხსენებ: მიშელ პლატინი, ალენ ჟირესი, ჟან ტიგანა, მარიუს ტრეზორი, გჟეგოჟ ლიატო, კაზიმერჟ დეინა, ზიკო, ფალკაო, სოკრატესი, ჟუნიორი… ფაქტიურად, იმ წლების მსოფლიო ვარსკვლავები! „მაკარანაზე” თამაში ხომ ფანტასტიკა იყო – 165 ათასი კაცი ესწრებოდა იმ შეხვედრას! მგონი, ის იყო პირველი და უკანასკნელი მატჩი, როცა საბჭოთა კავშირმა ბრაზილიას ბრაზილიაში მოუგო“.
ალექსანდრე ჩივაძე
„ლივერპულთან” ის ორი ლეგენდარული დაპირისპირება ჩემთვის დაუვიწყარია – ჩვენ პირველად ვხვდებოდით მსოფლიოს საუკეთესო კლუბს, „ლივერპული” კი მაშინ სწორედ ასეთი იყო. უნდა გენახათ რა სიტუაცია დაგვხვდა „ენფილდ როუდზე”: სავსე, მოგუგუნე ტრიბუნები, თავზეხელაღებული ფანები… გულშემატკივრები ხელით გვიჩვენებდნენ, 10:0-ს მოგიგებთო… მეამაყება, რომ ასეთ თამაშში და ასეთ სტადიონზე გოლი გავიტანე: რეი კლემენსი შორეულ კუთხეში ელოდა დარტყმას, მე კი ახლოში დავურტყი. უნდა გენახათ რა მოხდა! გულშემატკივრები უცბად დადუმდნენ, რაღაცნაირი, შემზარავი სიჩუმე ჩამოწვა. მართალია მხოლოდ რამდენიმე წამით, მაგრამ მაინც.
როცა მეტოქის კარს ვუახლოვდებოდი და დარტყმას დავაპირებდი, წამით პაუზას ვაკეთებდი და მერე, მეკარე რომ კუთხეს ირჩევდა, საპირისპირო მხარეს ვურტყამდი. კლემენსს სწორედ ასე გავუტანე და ბევრ სხვასაც, სხვათა შორის.
რატომ იყო ის „ლივერპული” დიდი გუნდი? ჯერ ერთი, უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავდა: კენი დალგლიში, გრემ სუნესი, ალან ჰანსენი, რეი კლემენსი… და მწვრთნელი? ბობ პეისლი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ტაქტიკოსად მიმაჩნია – მისი გუნდი მოკლე პასებით თამაშობდა და ბურთს ძნელად თმობდა. ამას დაუმატეთ დიდებული წარსული, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად „ენფილდ როუდზე” იგრძნობოდა… თბილისში „ლივერპულის” კარისკენ პირველ ტაიმში არც დაგვირტყამს, თუმცა ეს უიღბლობის ბრალი არ იყო – ასეთი ტაქტიკა აირჩია მწვრთნელმა. შესვენების შემდეგ ჩვენი შემჩერებელი აღარავინ იყო – ერთიმეორეზე უკეთესი გოლები გავიტანეთ!
„ჰამბურგზე” რა უნდა ვთქვა? მხოლოდ ის ფაქტი, რომ სწორედ ამ კლუბის მაისურით თამაშობდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მგონი, ყველაფერზე მეტყველებს. კევინ კიგანი დიდებული იყო, მაგრამ სხვებიც ძალიან ძლიერნი იყვნენ: რუდი კარგუსი, მანფრედ კალცი, ივან ბულიანი… ორივე შეხვედრაში უმაღლეს დონეზე ითამაშეს, ჩვენ კი, გუნდმა, რომელსაც ზედიზედ ოთხი პრინციპული მატჩი არასდროს ჩაგვეტარებინა, ვერაფერი გავაკეთეთ. ამიტომაც დავმარცხდით“.
გელა კეტაშვილი
„სეულის ოლიმპიადის წინ საკავშირო ფეხბურთის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ნაკრების შემადგენლობიდან ამოვუშლივარ, მაგრამ ბიშოვეცის დაჟინებული მოთხოვნით, მაინც გავემგზავრე ოლიმპიადზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან ოქროს მედლებს არ მოელოდნენ, ეგ კი არა, ბრინჯაოს თუ აიღებთ, ჩინებული იქნებაო, ვიცოდით – ჩვენი გამჩერებელი არავინ იყო. ბიშოვეცმა მართლა ძალიან კარგი შემადგენლობა შეკრიბა!
ნახევარფინალში იტალიას დავუპირისპირდით: ჩირო ფერარა, მაურო ტასოტი, რუჯიერო რიციტელი… მე ამ უკანასკნელს ვმეურვეობდი. მატჩის მიწურულს, როცა ერთი ბურთით ვიგებდით, მეკარესთან პირისპირ გავარდა. აკრძალული ხერხით შევაჩერე და ვიფიქრე, მორჩა, ფინალი უჩემოდ ჩაივლის-მეთქი, მაგრამ მსაჯმა ყვითელი ბარათი მიჩვენა. რაც მე ის მსაჯი ვლოცე… 3:2 მოვიგეთ, მე კი იმ დღეს 23 წლის გავხდი!
გადამწყვეტ მატჩში ჩვენი მეტოქე ბრაზილია იყო. ფინალის წინა დღეს ერთმა თანაგუნდელმა მითხრა, ბიშოვეცი გეძებს, თან, მგონი, დაბადების დღისთვის საჩუქარიც აქვს. შევედი მწვრთნელთან და მახარა: ფინალში ძირითად შემადგენლობაში გაყენებ და გილოცავ, რომარიოს პერსონალურად უნდა ეთამაშოო! ამაზე კარგი საჩუქარი გაგიგონიათ? სხვათა შორის, ოლიმპიური თამაშების განმავლობაში ჩვენ, ისევე, როგორც მთელი საბჭოთა დელეგაცია, გემზე ვცხოვრობდით. ჩვენთან ერთად საკავშირო სპორტის ხელმძღვანელები და ესტრადის ვარსკვლავებიც იყვნენ.
ვის წინააღმდეგ არ მითამაშია, მაგრამ რომარიოს დონის ფორვარდი არ შემხვედრია. ხვლიკივით იყო – ვერცხლისყალივით მოძრავი, საოცარი ტექნიკის მქონე, მოუღლელი… წამით მოდუნდებოდი და მორჩა, გათავებული იყო შენი ამბავი. მთელი შეხვედრის მანძილზე მხოლოდ მას დავდევდი… პირველი დამატებითი დრო რომ დასრულდა, მეგონა ფინალი მორჩა-მეთქი და ლამის ცეკვა დავიწყე. სანამ თანაგუნდელებმა არ მითხრეს, წინ კიდევ ერთი დამატებითი ტაიმიაო, მანამდე არ გავჩერებულვარ. ის 15 წუთი კი გამიჭირდა, მაგრამ რომარიოც კარგა გვარიანად იყო დაღლილი და საბოლოოდ, დუელიც მოვუგე – ჩემპიონები ჩვენ გავხდით! მსაჯის სასტვენი რომ გაისმა, ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი – გაათმაგებული ძალით დავხტოდი. ჩვენ დელეგაციაში ერთადერთი ქართველი ექიმი ზურაბ ორჯონიკიძე იყო. პირველად მას ჩავეხუტე და… ავტირდი“.
ავტორი