გუშინ იტალიის „სერია A“-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ცნობა რომ 24 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ ჩაირიცხა და კლუბმა ის მომავალი სეზონის განაცხადში უკვე შეიყვანა.
„კრემონეზე“ ავსტრიულ „ვოლფსბერგერს“ ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს გადაუხდის.
გუშინ, იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ეუჯენიო ალბარელამ, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.
ექსპერტს არ მოსწონს, რომ ჩვენებური ბურთით ძალიან დიდ დროს ატარებს და ამის გამო ვიქტორ ოსიმენის შედეგიანობამ მოიკლო.
„კვარაცხელიას შესაძლოა, არ ესმოდა, რომ თამაშობს ისეთ გუნდში, რომელსაც მისი ან უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ხშირად მას ზედმეტი მოძრაობები აქვს, რაც ლოსანოსა და ოსიმენის თამაშიდან გათიშვას იწვევს და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი ამაზე იმუშავებს.
ვფიქრობ, ხვიჩას მიზანი იყო, დაემტკიცებინა, რომ ის კარგი ფეხბურთელია. მგონია, რომ ის უფრო გამჭრიახი უნდა იყოს“, – განაცხადა ეუჯენიო ალბარელამ.
ამასობაში „ნაპოლიმ“ „ვერონას“ 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე იჯარით აიყვანა.
ერთსეზონიან იჯარაში ნეაპოლური კლუბი 3.5 მილიონ ევროს გადაიხდის და მომავალ ზაფხულს კონტრაქტის 12 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.
გასულ სეზონში დიეგო სიმეონეს ვაჟიშვილმა „სერია A“-ს 35 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გუშინ გამოცემამ „azerisport“ გაავრცელა ცნობა რომ უნგრულმა „ფეჰერვარმა“ საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე აზერბაიჯანის ჩემპიონს – „ყარაბაღს“ შესთავაზა, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა.
„ყარაბაღი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბაქოში უნგრულ „ფერენცვაროშს“ დაუზავდა (1:1), საპასუხო შეხვედრაში იმარჯვა – 3:1 და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ფლეი-ოფში გავიდა.
ზივზივაძე „ფეჰერვარში“ 2020 წელს „მეზეკოვეშდიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში „უიპეშტში“ იჯარით გაუშვეს, რომლის რიგებში 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძეს „ფეჰერვარში“ სასტარტოში არ აყენებენ, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 5 მატჩში უკვე 4 გოლი გაიტანა და მაინც გასხვისებას უპირებენ.
შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ინგლისის ლიგის თასს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა – სტუმრად „ბრედფორდ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ქართველი სპეციალისტი ქვედა დივიზიონის წარმომადგენელთან წაგებით უკმაყოფილო იყო და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მარცხი ზედმეტად მარტივად მიიღო.
„მარცხის ასე მარტივად მიღება ფეხბურთელებისთვისაც და გუნდისთვისაც ძალიან ცუდია. ბიჭებისგან მეტს ველოდი. „ბრედფორდი“ უნდა დავაფასოთ, მათ ბევრი იშრომეს.“
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის „ლიგა 2“-ში უკვე ორი მატჩი ჩაატარა და 21 წლის ფეხბურთელი ორივეში გამორჩეული იყო.
გუშინ ფრანგულმა ვებგვერდმა „Foot National“ ქართველი ოფიციალურად გამოარჩია. ეს საიტი საფრაგენთის ჩემპიონატში გამორჩეულ მოთამაშეებს ყოველი ტურის შემდეგ ასახელებს.
ვებგვერდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეებს ორივე გუნდიდან ავლენს და ამას მწვრთნელების აზრის გათვალისწინებით აკეთებს, რომლებიც საუკეთესოს მეტოქეთა რიგებში ასახელებენ. გამორჩეული ფეხბურთელი ქულას იღებს, ჩემპიონატის ბოლოს კი ქულები დაჯამდება და სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება.
გიორგი მიქაუტაძე „ლიგა 2“-ის პირველ ტურში საუკეთესოდ „მეცის“ მეტოქე „ამიენის“ თავკაცმა მიიჩნია, ხოლო მეორე ტურში – „კაენის“ მწვრთნელმა.
კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი თვე რჩება. საფეხბურთო მუნდიალი, პირველად ისტორიაში, ნოემბრის თვეში გაიმართება.
არგენტინული გამოცემა „Diario Ole“-ს მტკიცებით, ფიფა სერიოზულად განიხილავს ერთ კალენდარულ ცვლილებას. კონკრეტულად კი, პირველი მატჩის ერთი დღით ადრე გადმოტანას, ვიდრე დაგეგმილი იყო.
გახსნითი მატჩი 21 ნოემბერს, ორშაბათსაა დაგეგმილი და თუ გამოცემას დავუჯერებთ, დიდია შანსი, კვირა დღეს გაიმართოს. თუ ეს ცვლილება განხორციელდა, 20 ნოემბერს ტურნირი კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით გაიხსნება.
ავტორი