“მე მაინც სტრასბურგში, ევროპის სასამართლოში უნდა გავიტანო ეს საქმე”- ეს განცხადება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “კურიერთან” გააკეთა.
მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ – ამ სახელწოდებით თემირლან მაჩალიკაშვილის იურისტები სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანენ.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ ოჯახის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღო და რომ გამოძიების დეტალების გაცნობაზე უარი უთხრეს.
“ირაკლი შოთაძეს ვკითხე, რატომ არ ჩამობრძანდა პანკისის ხეობაში. მიპასუხა, რომ არსებობს დეტალები, რომლის საჯაროდ გავრცელებაც არ შეიძლებოდა. თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე ისეთ დეტალებზე არ გვისაუბრია, რის განხილვაც პანკისის ხეობაში არ შეიძლებოდა.
მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, მას ჰქონდა მიზეზი, რის გამოც ხეობაში შეხვედრა და საუბარი არ სურდა. მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ სამომავლოდ ეცდება, ამოვიდეს ხეობაში და ადგილობრივებს გაესაუბროს. ჩვენ მოვითხოვეთ, ოჯახს და ადვოკატებს მეტი წვდომა გვქონდეს გამოძიების დეტალებზე. ამაზე უარი მივიღეთ.
მოვითხოვეთ ასევე, კანონის ფარგლებში, უმკაცრესად დაისაჯონ ისინი, ვინც დაგეგმა, შეასრულა ეს საქმე. ხელყუმბარასთანნ დაკავშორებით არაფერი არ უთქვამთ. როგორც ვიცი ამ საკითხს სუს-ი სწავლობს და მთავარ პროკურორსა და მოადგილეებსაც არ აქვთ ამ ინფორმაციაზე წვდომა. შეხვედრაზე არანაირი მასალა არ უჩვენებიათ; არც ვიდეომასალა, არც რაიმე დოკუმენტი. ეს იყო დიალოგი. ჯერ დაველოდები რას გააკეთებს აქაური სასამართლო, მაგრამ დავიწყებ მზადებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის გასასაჩივრებლად”, _ თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე, იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.