ბოლო 2 თვეა ქობულეთში ადამიანები იდუმალი არსების გამოჩენამ ააფორიაქა – 3 სოფელში “რეიკი”ღამით აქტიურდება, ადგილობრივებს კარზე უკაკუნებს, შემდეგ კი ტერიტორიას დიდი სისწრაფით ტოვებს.
სოფლებში ყვებიან, რომ ამოუცნობი არსება მაღალია, შავები აცვია, სახე ნიღბით აქვს დაფარული და სავარაუდოდ შუახნის ასაკისაა; გამოსცემს არაადამიანურ ხმებს, სავარაუდოდ მოსახლეობის დაშინებისთვის.
“რეიკის” შესახებ იცის პოლიციამ და ღამით მორიგეობენ კიდეც. მოსახლეობა ამოუცნობი არსების დაჭერას საკუთარი ძალითაც ცდილობს.
“მთავარ არხს” სოფელ ხუცუბნის მოსახლეობამ კადრებიც მიაწოდა.
როგორც ირკვევა ადგილობრივებს არა ერთი, არამედ რამდენიმე ასეთი პირი ჰყავთ შემჩნეული.
სოფელ ხუცუბანში რამდენიმე კვირის წინ იდუმალი არსება სკოლის მოსწავლეებმაც ნახეს. მათი მონაყოლით უცნაური ადამიანი მანქანას წრეებს სწრაფად ურტყამდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა. ბავშვების ბებია ანონიმურად გვიყვება, რომ ამ დღის შემდეგ მის შვილიშვილებს სახლში მარტო დარჩენის ეშინიათ.
ადგილობრივები მთავარ არხს უყვებიან, რომ პოლიციის ორი ან სამი ეკიპაჟი სოფელში ღამღამობით პატრულირებს, მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს მიაკვლიეს. ხუცუბნის მკვიდრები ამბობენ, რომ უცნაური არსების ძებნის პროცესში დამატებითი საპოლიციო ძალისა და დრონების ჩართვა აუცილებელია, თუმცა როგორც ხედავენ, სიტუაციას სერიოზულად არავინ აღიქვამს. სანამ სამართალდამცავი უწყება ფორმალურად მუშაობს, თავის დაცვა, საკუთარი ძალებით უწევთ.
ხუცუბნის მსგავსად უცნაური არების გამოჩენა შენიშნეს სოფელ ლეღვაშიც. ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ყვება, რომ შავებში ჩაცმული იდუმალი არსება მისმა ცოლმა საკუთარი თვალით ნახა.
ე.წ. ქობულეთელი რეიკის ისტორია კი 2 თვის წინ, სოფელ ქაქუთიდან დაიწყო. იდუმალ, სწრაფ და მოუხელთებელ არსებას ქაქუთის ტყე-ღრეში მთელი ღამეები უშედეგოდ ეძებდნენ. ის 10 დღის წინ მახარაძეების ოჯახში მაშინ შეიჭრა, როდესაც სახლში მხოლოდ ქალები და ბავშვები იყვნენ.
ამ სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები გვიყვება, რომ იდუმალი და უჩინარი არსება ბოლოს 2 დღის წინ გამოჩნდა და მის მეზობელს მოტოციკლი დაუზიანა.
ვინ არის უჩინარი და იდუმალი არსება, თუ ადამიანების დაჯგუფება, რომელიც ღამით ჩნდება და ხალხს აშინებს ახლა მთელი ქობულეთი არკვევს. ორი თვეა მოსახლეობა ფსიქოლოგიურ ტერორში ცხოვრობს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის განკარგულებაშიც მთელი ძალოვანი უწყება, დრონები და ტექნიკაა, ვითარების გასარკვევად რესურსებს არ ხარჯავს.