გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ზოტში, რომელიც, თითქმის, 900 მ. სიმაღლეზეა ზღვის დონიდან და 220 კომლი ცხოვრობს, მთელი ძალისხმევით იგრძნობა თავდადებული შრომის რიტმი და სიცოცხლესა და გარჯაზე შეყვარებული ხალხის მაჯისცემა.
სოფლის ცენტრში სამკერვალო ატელიე ახლახან გახსნა პედაგოგმა შორენა მიქელაძემ, რომელსაც დამხმარე თანამშრომელიც ჰყავს და შორეული მთებში ჩაბუდებულ სოფელში, ახალგაზრდა გოგონებისთვის შესაფერი გარემო შექმნა. აქ ნაირ-ნაირ ფარჩა-კაბებს კერავენ, ასევე შეუზღუდავია დამკვეთთა თხოვნა, შეუკერონ სასურველი სამოსი.
_ ახლა ორსულის კაბას ვკერავთ, ერთი ლამაზი გოგო, ნანა ართმელაძე დედა უნდა გახდეს. კარგ დროს მოხვედით, ხომ ლამაზი კაბაა? კაშკაშაა _ გვეუბნებიან შორენა და ნათელა მიქელაძეები და თითქმის შეკერილ კაბას გვაჩვენებენ.
“ჩვენ თვითნასწავლი მკერავები ვართ, მაგრამ მონდომებამ და გამოცდილებამ თავისი გააკეთა, ინტერნეტით ვეცნობით ჟურნალებს, საუკეთესო ქსოვილები ლილოს ბაზრობიდან ამოგვაქვს მაღალმთიან ზოტში და ასე ვქმნით აქ საკუთარ სამყაროს. ჩვენთან შვიდი თვე ზამთარია, ხშირად ვერ ჩავდივართ ბარში და აქ ამოგვაქვს ყველანაირი სიკეთე, რომ სოფელი არ დაგვეცალოს. პატარა ქართველის დაბადებას ჩვენთან განსაკუთრებული სამზადისით ველოდებით”, _ სიამაყით გვეუბნებიან მკერავები.