6 წლის მოზარდი, რომელიც მამასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ამბობს, რომ მასზე მამინაცვალი სექსუალურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც ის ბიოლოგიურმა მამამ ბელარუსიდან წამოიყვანა.
არასრულწლოვანი იხსენებს აბაზანაში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტსაც, როდესაც მამინაცვალი მას აიძულებდა სხვადასხვა ადგილზე შეხებოდა. 6 წლის ბიჭი კამერებთან დეტალურად აღწერს ღამეებს, როცა მოძალადე მას ცემითა და წამებით აღვიძებდა, მერე კი საათობით ოთახში კეტავდა და აშიმშილებდა.
ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ახლა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსითაა, ის მამამ ბელორუსიიდან მომხდარის გამო წამოიყვანა. დაიწყო სასამართლო დავებიც, დედა ბელორუსიიდან შვილის დაბრუნებას ითხოვს, მამა კი მზადაა საცხოვრებლად საქართველოში დარჩეს, რადგან ბავშვს დედასთან და მამინაცვალთან დაბრუნების ეშინია.
მიზეზი, რატომაც 6 წლის ბიჭი მამასთან ერთად სამართალს საქართველოში ეძებს მარტივია – ბელორუსიაში არასრულწლოვნის მამამ გამოძიებას არაერთხელ მიმართა. ითხოვდა, შვილის მძიმე ისტორია ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მოესმინათ, თუმცა უშედეგოდ. ახლა ის შვილის დაცვას საქართველოში ცდილობს.
არასრულწლოვანთან ახლა ქართველი სოცმუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს, ბავშვს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლითაც დგინდება რომ ბიჭზე სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის კვალი ნამდვილად ვლინდება. მიუხედავად დასკვნებისა და არასრულწლოვნის ჩვენებისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ბიჭის დედასთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო – დაუყოვნებლივი აღსრულების წესით. უფლებადამცველი გამოძიების ხარვეზებზე საუბრობს და მოსამართლეს საქმის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
6 წლის ბიჭი ახლა ბათუმში ცხოვრობს, თუმცა ნებისმიერ დროს შესაძლოა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იძულებით მამინაცვალთან და დედასთან დააბრუნონ. ადვოკატი და სოციალური სამსახური გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, მაგრამ ეს აღსრულებას არ აჩერებს და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი იძულებით საქართველოს ტერიტორიას დატოვებს – საქმეზე მსჯელობა სხვა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს და იქამდე, სანამ დაზარალებული მხარე სიმართლეს უზენაეს სასამართლოში დაამტკიცებს, 6 წლის ბავშვს ცხოვრების გაგრძელება იქ მოუწევს, სადაც მასზე ძალადობენ.
როგორც ბავშვი “კურიერთან” ამბობს, მას დედაც ცუდად ექცეოდა, ურტყამდა და ამცირებდა, რის გამოც მასთან დაბრუნების ეშინია.
წყარო : რუსთავი2