როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა „ქვეყნის შიდა საქმეა“.
„ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორიაც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენს ხალხებს შორის ძმობას ცალკეული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ. ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ან დიპლომატიურ ურთიერთობას, ან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ამ ავანტიურისტებისგან.
რა თქმა უნდა, გაურვეველია, როცა სტრატეგიული პარტნიორის სასამართლო სისტემის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და მისჯილი ადამიანი, შეიძლება არა მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ რაღაც საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად ინიშნება. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, ოდესის შემდეგ რა ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები ნორმალურ, სტრატეგიული მოკავშირეობის ფარგლებში დაგვებრუნებინა. პირადად ვიყავი ამაში ჩართული, პირადად ვიყავი კიევში ჩასული, პირადად მქონდა შეხვედრები. ახლა ელჩს ვიწვევთ სწორედ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებში ხელი შეგვიშალონ. ეს ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვინც ჩვენს ნაბიჯს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს, უნდა გააგრძელოს და თქვას, რომ ასევე უზრუნველყოფს, რომ შემდგომში, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს. როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.