საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ ახლად დანიშნული ხელმძღვანელობის ინფორმაციით, გუნდი გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზეა შეკრებილი და შვიდ თებერვალს გასამართი პირველი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას გადის. გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ფეხბურთელების შერჩევის პროცესიც.
„გურიას“ ხელმძღვანელობა სამწვრთნელო შტაბისა და გუნდის შემადგენლობის ოფიციალურ წარდგენას საგანგებო პრესკონფერენციაზე, კლუბის სტრუქტურული რეორგანიზაციის დასრულების, სამწვრთნელო შტაბისა და გუნდის ფეხბურთელებით სრულად დაკომპლექტების შემდგომ გეგმავს. თუმცა, ცნობილი ხდება, კლუბი დირექტორის, დავით ყენიას გადაწყვეტილებით, მთავარი მწვრთნელის პოსტს დავით მახარაძე ინარჩუნებს, რომელიც „გურიაში“ ბოლო სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოვიდა და გუნდის ლიგაში დატოვების პირობა ვერ შეასრულა. მახარაძე „გურიამდე“ „ზუგდიდს“ წვრთნიდა და ერთ სეზონში ორი გუნდი გაუვარდა.
„გურიას“ სამწვრთელო შტაბი დავით მახარაძემ პირველად 2013 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მიუხედავად არც თუ ურიგო შედეგებისა, სექტემბერში იგი უკრაინელი პოკორათი ჩაანაცვლეს. 2014 წლის იანვრიდან მახარაძე ისევ დაბრუნდა „გურიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ ზედიზედ ცხრა მატჩის წაგების შემდეგ, მას „გურიას“ დატოვება მოუხდა, მაშინ იგი თემურ ლორიამ ჩაანაცვლა.
გაირკვა, რომ გარდა მახარაძისა, „გურიაში“ უცვლელი რჩება ის სამწვრთნელო შტაბი, ვის ხელშიც გუნდი ზედიზედ ორი ლიგიდან გავარდა. ყენიას გადაწყვეტილებით, მთავარ მწვრთნელს ასისტენტობას კვლავინდებურად: გია იმნაძე, გია ჩხაიძე და მეკარეთა მწვრთნელი გიორგი იმედაიშვილი გაუწევენ.