მაქსიმუმ ორ კვირაში, ზამთრის ვირუსების ტალღა შეწყდება, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„100 000 მოსახლეზე 100 მომართვიანობაა. გახსოვთ, რომ 300-მდე იყო მომართვიანობა და ახლა ნაკლებია. ამასთან, დაიწყო სხვა ტიპის ვირუსებიც და არა _ გრიპის. ჯერ კიდევ ცივა. რაც უფრო მალე დათბება, მალე გავა ეს ვირუსები. არაფერი საგანგაშო არ ხდება, უბრალოდ, ჩვეულებრივი გაზაფხულის ამბავია. ავადობა ისეთია, როგორიც შარშანწინ და შარშან იყო ამ დროს, უბრალოდ, ყურადღება ყოველთვის არის მისაქცევი. მაქსიმუმ ორი კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს“, _ განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, გაციების ვირუსების ტალღის გადავლის შემდეგ, გაზაფხულის პერიოდში, თავს იჩენს ხოლმე ტკიპებით გადაცემადი დაავადებები.
„სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ცოტაა ამ დაავადებების შემთხვევები, თუმცა, მაინც შეიძლება შევხვდეთ გარკვეულ რაოდენობას სხვადასხვა ტკიპებით გადაცემადი დაავადებებისას. შეიძლება იყოს მძიმე შემთხვევები, როგორიცაა კონგოს ცხელება და ნაკლებად მძიმე ანუ ვორელიოზი. თუმცა, ამის რისკი გაცილებით მეტია, თუკი ევროპის ქვეყნებში წახვალთ და ტყეში გაისეირნებთ“, – განაცხადა იმნაძემ.