უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პატიმართა შეწყალების წესში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. პაპუაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს და დასძენს, რომ მარგველაშვილის ჰუმანურობისა და ლიბერალიზმის არ სჯერა.
,,ისეთი რეჟიმის შემდეგ, როგორიც სააკაშვილის რეჟიმი იყო, გვინდოდა, რომ ადამიანური ურთიერთობები დამთბარიყო და გველაპარაკა, მაგრამ ბევრს ეს თავისუფლება, ჩემი აზრით, კარგად არ ესმის, ამიტომ უკიდურესობაში ვვარდებით. ადამიანმა პოლიტიკაში თავი რომ დაიმკვიდროს, უნდა დაეუფლოს გარკვეულ ტექნოლოგიებს, ლაპარაკის მანერას, ადამიანთა უფლებების დაცვას, ლიბერალიზმს, ჰუმანურობას. მე არ მჯერა პრეზიდენტის ასეთი ჰუმანურობისა და ლიბერალიზმის, ამიტომ მგონია, რომ ეს არის მისი პიარ სვლა. ალბათ, საარჩევნო კამპანიას იწყებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოჩვენებითი იქნება და მალე გაქრება ილუზიები პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. მე სერიოზულად, არც მაშინ ვუყურებდი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას და არც ახლა ვუყურებ“, _ განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში, შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განმარტებით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოდანაშაული, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტისა.
ასეთივე წესით, კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.