31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გურიაში მეორედ შედგება. რეგიონი შვიდი ქვეყნის (ესპანეთი, იტალია, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი, საქართველო) ფოლკლორულ ანსამბლებს უმასპინძლებს.
აღნიშნულის შესახებ ისაუბრეს დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საქართველოს ფოლკლორული სახელმწიფო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ, ჟურნალისტებთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყველა სოფლის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
_ წელს აჭარა–გურიის რეგიონი უმასპინძლებს ამ შესანიშნავ ღონისძიებას. ეს არის ჩვენი ტრადიციების, უდიდესი კულტურის წინა პლანზე წამომწევი პროექტი. პირველი დღე კონცერტი ბათუმში ჩატარდება, შემდეგ _ ურეკში, ხოლო 2 სექტემბერს, დასკვნითი კონცერტი შეკვეთილში, ბლექსი არენაზე გაიმართება. ეს იქნება სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის გაერთიანება, უდიდესი ზეიმი, _თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.
საქართველოს ფოლკლორული სახელმწიფო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
_ გურიაში 14-მდე ფოლკლორული ანსამბლია, მაგრამ აქ მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ ფესტივალზე გამარჯვებული კოლექტივები. საორგანიზაციო საკითხები მაქსიმალურად მოწესრიგებულია. პირველი ორი დღე კონცერტი უფასოა, 2 სექტემბერს კი ბილეთის ღირებულება 5 ლარი იქნება. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ამ ფესტივალის მასშტაბურობა გაიზრდება, იქნება უფრო სრულყოფილი, რადგან დასრულდება ვარლამ სიმონიშვილის სახლ–მუზეუმის მშენებლობა და ფოლკლორის ცენტრის რესტავრაცია, _ თქვა ავთანდილ სურგულაძემ.
კონცერტები ურეკსა და შეკვეთილში 1 და 2 სექტემბერს გაიმართება. აქ გამოვლენ ქართული ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, ასევე, გამოვა სპეციალურად მოწვეული ფლამენკოს ჯადოქარი „ლა მონეტა“.