პარლამენტთან პროტესტი არ წყდება.
რუსთაველის გამზირზე არაერთი ადამიანი, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი მოქალაქე იყრის თავს. შეკრებილ ადამიანებს შორისაა “ძლიერი საქართველოს” ჩოხატაურელი ლიდერი, მალხაზ ჩხიკვაძეც.
“გურია ნიუსმა” მას ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვა.
“ეს არის ღირებულებითი და ცივილიზაციური ბრძოლა. საქართველო რეალურად არის ევროპული ცივილიზაციის ქვეყანა თავის წარსულით და წარმატებას აღწევდა მხოლოდ მაშინ, როცა ევროპული ორიენტაციის იყო. მეორე მხარეს დგას შავბნელი რუსული ცივილიზაცია, რომელსაც არაფერი სასიკეთო არ მოუტანია ქართველებისთვის, საქართველოსთვის. ქართველი ხალხი აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას და ამის შემდეგ აღარ დარჩება რეალურად რუსეთის გავლენა. რუსული მშვიდობის შემოთავაზება რომ ჰქონდათ “ოცნებას” ნათლად გამოჩნდა. ეს არ დაწყებულა ახლა. კობახიძის ფრაზა, რომ “უარს ვამბობ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის დაყენებამდე” იყო ბოლო წვეთი იმისი, რაც აქამდე ესმოდა საქართველოს მოსახლეობას. რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება მეორე ფრაზა აქედან: “უარს ვამბობთ გრანტებზე ევროკავშირიდან”, რაც არანაკლებ მძიმეა. თუკი დღის წესრიგში აყენებენ ევროინტეგრაციას, ევროგრანტებზე უარს რატომ ამბობენ? ტყუილია ყოველ ნაბიჯზე მათი თანმდევი და ამიტომ”,_ ამბობს მალხაზ ჩხიკვაძე.
ჩხიკვაძე ასევე ეხმაურება რამდენიმე დღის წინ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე ნიღბიანი პირების თავდასხმას.
“ცივილიზებური, დემოკრატიული სამყარო ყველა აღიარებს, რომ ეს არჩევნები იყო მოპარული. ხუთი მახასიათებლიდან ოთხი დარღვეული იყო, რაღა დარჩა? არჩევნები რეალურად არ ჩატარებულა. ეს არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ამდენად არ ეგუება საზოგადოება ამას. გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. თავისუფლებას წინ ვეღარაფერი ვერ აღუდგება. მე 1988 წლის 26 მაისი იყო პირველი მიტინგი როდესაც გავედი დამოუკიდებლობის 70 წლისთავის აღსანიშნავად, და იმის მერე პრაქტიკულად ყველა მიტინგში ვმონაწილეობ, რომლის სულისკვეთებასაც ვეთანხმები. ასეთი მასშტაბური მიტინგი არასდროს არ ყოფილა, რეგიონებში გაფენილი, ასეთი ხანგრძლივი, ერთ მუშტად შეკრული. აქ ყველას ერთი მოთხოვნა აქვს, ითხოვს ახალ არჩევნებს, უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას, ითხოვს ქუჩის ტერორის შეწყვეტას. ყველასთვის სულისშემძვრელი იყო ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმა პირდაპირ ეთერში. ამის გამართლება მიუღებელია.
ეს დასრულდება ხალხის გამარჯვებით, რადგან ქართველი ხალხის განადგურება იქნება ამ ბრძოლის წაგება”,_ ამბობს მალხაზ ჩხიკვაძე.
ავტორი