დაკავებული დეკანოზი დუმილს არღვევს, ის გამოძიებას ჩვენებას დღეს მისცემს. მატროსოვის საპყრობილეში, სადაც ამ დროისთვის მამა გიორგი მამალაძეა გადაყვანილი, პროკურატურის წარმომადგენლებს 3 საათისთვის ელოდებიან.
ადგილზევე მოხდება ხმის ნიმუშის აღება, ფარული ჩანაწერების ნამდვილობის დადგენის მიზნით. ცნობილია, რომ გამოძიებამ ე.წ. ციანიდის საქმის სავარაუდო ადრესატი, შორენა თეთრუაშვილიც უნდა დაკითხოს, თუმცა როდის, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია.
”აუდიო ჩანაწერები მე რაც მოვისმინე, რასაც გავეცანი იქ მრავალ ადამიანთან აქვს რომლებიც მამაოთი იხსენიებენ და სხვადასხვა მრევლის წარმომადგენლებიც არიან და გარკვეული პიროვნებებიც“ – განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჩანაწერში მას ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუსმენია. ის ასევე აღნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძე გამოძიებას ასევე ეტყვის თუ საიდან აღმოჩნდა მის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი.
“მამა გიორგი ზუსტად იტყვის ვინ თხოვა, რომ იარაღი შეენახა. მოგეხსენებათ, მე თვითონ ადვოკატი ვარ და შეიძლება ადამიანმა ახლობელმა მთხოვოს რაღაცა ნივთის შენახვა, დროებით მაინც და ახლა მამაოებს ძალიან ბევრ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა და შეუძლია გაუგოს და დროებით რაღაცაში მიეხმაროს. ამაში მე დანაშაულს ნამდვილად ვერ ვხედავ,“ -აღნიშნა რამიშვილმა.
rustavi2.com