„მთავრობის შემდეგ სხდომაზე მე აუცილებლად წარმოვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ „ჯიპებს” არ შეეხება, ეს შეეხება მთლიანად ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს,” _ ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მცირე მთავრობის კონტექსტში ე.წ. „შავ ჯიპებთან” დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიციას შეეხებოდა.
„ბუნებრივია, ის სიტუაცია რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი – კატეგორიულად მიუღებელი.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენთ.
ინიციატივა, ზოგადად, ეხება ავტოპარკს, ნებისმიერი მანქანის ჩათვლით, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს,” _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.