ლომბარდები საქართველოში გადაიქცა გარკვეულწილად ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად და უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყაროც, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქლაივისდროს განაცხადა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ლომბარდებთან დაკავშირებით აუცილებლად შემოვა ახალი რეგულაცია. მისივე თქმით, ახალი რეგულაცია მაისშივე უნდა ამოქმედდეს.
„აქედან გამომდინარე, ის თამაშის წესები, რომელზეც მე ვსაუბრობ, აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზეც და ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ჩემი აზრით, ლომბარდებში უნდა აიკრძალოს როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, რეგულაციების არარსებობამ წაახალისა არაჯანსაღი ურთიერთობები ლომბარდებსა და მოქალაქეებს შორის.
„აქაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან დაბალი დონის არგუმენტაცია მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტებისგან, რომ თურმე ამ შემთხვევაში, თუ ლომბარდებს ავტომობილების დალომბარდების უფლება არ ექნებათ, ადამიანებს, რომელთაც აქვთ ბიზნესის დაწყების სურვილი, სასტარტო კაპიტალზე წვდომა შეეზღუდებათ.
თქვენ რომელი წარმატებული ბიზნესპროექტი იცით, რომლის სასტარტო წყარო იყო ლომბარდში ჩადებული ავტომობილი. ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, იმ რეგულაციების არარსებობამ, რაზეც მე ვსაუბრობ, წაახალისა არაჯანსაღი ურთიერთობები ლომბარდებსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება ავტომობილისა და უძრავი ქონების დალომბარდებას“, – აღნიშნა ბახტაძემ.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლომბარდების საქმიანობის სფერო მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს.
„ჩემი აზრით, ლომბარდებს უნდა აეკრძალოთ როგორც მანქანების, ასევე უძრავი ქონების მიღება. მათი საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და არ უნდა მოიცავდეს ე.წ. რეგისტრირებულ ქონებას, რომელშიც მე ვგულისხმობ ავტომობილებსა და უძრავ ქონებას. ბუნებრივია, ის საპროცენტო ჭერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დაწესდება, შეეხება ყველას, ყველა იურიდიულ პირს, რომელიც დასაქმებულია ფინანსურ სექტორში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
1tv.ge