მუხტის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში და საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის გარდა, ახალი არხები უნდა მოისინჯოს ევროკავშირთან საქართველოს უფრო მჭიდრო ასოცირებისთვის და სამომავლო ურთიერთობის ფორმების განსაზღვრისთვის.
“საქართველოს ცხადად ესმის, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ეფუძნება თავად პარტნიორების შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს. გარწმუნებთ, რომ ორივე გაგვაჩნია. გვსურს და შეგვიძლია დარგობრივი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ამ გზაზე ჩვენ თქვენი მხარდაჭერა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომა გვჭირდება, რათა საკმარისი პირობები შეიქმნას ჩვენს ქვეყანაზე და ქართულ საზოგადოებაზე ტრანსფორმაციული ეფექტის მქონე რეფორმების განსახორციელებლად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.