მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა წარადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად საბოლოოდ შეთანხმდა, რომ მინისტრთა კაბინეტი 11 წევრით განისაზღვრება.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ შევიმუშავეთ მცირე მთავრობის სტრუქტურა. გვექნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოში ადამიანი, მასზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებების, როგორიც არის: განათლება, კულტურა და სპორტი, ამ დარგების მაღალი კოორდინაციის ხარისხის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივაღწიოთ ამ მიზანს”, – განაცხადა ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ.
დარჩება თუ არა უკვე გაერთიანებული სამინისტროების ხელმძღვანელ პოზიციაზე მიხეილ ჩხენკელი ჯერ უცნობია. მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა მამუკა ბახტაძემ საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში უნდა წარუდგინოს.