საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის გიორგი იაკობაშვილის განცხადებას, რომელშიც ის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებს და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს, პარლამენტში შეისწავლიან. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ფრაქცია ‘ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ იაკობაშვილი პროფესიონალიზმის და გამოცდილების ნიშნით შეარჩიეს და მისთვის უცნობი იყო ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებები.
_ ბატონო მამუკა, იაკობაშვილის არჩევის შემდეგ თქვით, რომ არ იცნობდით მის ძველ, ჰომოფობიურ განცხადებებს. დღეს, როცა იცით და გაიმეორა, რას იტყვით?
_ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის განცხადება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მედიასაშუალებას ან რომელიმე ჟურნალისტს. კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ შეურაცხყოფა არა. მე ახლაც იგივე შემიძლია გითხრათ და გავიმეორე ის, თუ რა ნიშნით შეირჩა იაკობაშვილის კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად. რაც შეეხება მის ძველ განცხადებებს. სიმართლე გითხრათ. არ მომიკითხავს და არ ჩავღრმავებივარ. თუმცა, დღევანდელ განცხადებას გავეცანი და კიდევ ერთხელ გეტყვით. რომ ეს მიუღებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტის მოვალეობა რეაგირებაა და რეაგირება ამ საკითხზე მას შემდეგ მოხდება, რაც საკითხს პარლამენტში შეისწავლიან.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო) რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი. არანაირი წონა და ავტორიტეტი სერიოზულ, ნორმალურ ჟურნალისტებს შორის არ გააჩნია.
ამ 311 ხელმომწერიდან უმრავლესობა არის რეგიონიდან და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დონორებთან ურთიერთობა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია ე.წ. ქარტიაზე ხელმოწერის გარეშე.
ანუ, თუ ზვიად ქორიძეს და სხვა ზვიადქორიძეებს ხელს არ აუწევენ და თავს არ დაუქნევენ, “კაი ჩიტს დაიჭერენ”.
ასე რომ, შეეშვით მაგ ასო-ზე სტატუსების წერას და ქოთქოთს. ეგენი ისეთივე ჟურნალისტები არიან, როგორც ბუღაძე-ტურაშვილი – მწერლები და ქეთათო-სტეფანე – მომღერლები.
დაიკიდეთ და გულზე მოგეშვებათ.
და, საერთოდ, ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა.
თქვენი ქოთქოთი მათ სივებში იწერება, აქტივობაში ეთვლებათ, რის გარეშეც ევროპაში დაფუძნებული და რუსეთიდან დაფინანსებული ფონდებიდან მსუყე გრანტებს კი არა, სამში თამამს მიიღებენ.
ეს არის და ეს.” _ წერს იაკობაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ჩვენ შევეცადეთ კომენტარები იაკობაშვილისგანაც მიგვეღო, თუმცა ის “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. იაკობაშვილმა ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას არც სოციალურ ქსელში უპასუხა.
ამავე თემაზე: გალუმაშვილი: “იაკობაშვილთან ერთად პარლამენტს კიდევ რამდენიმე კანდიდატურა წარვუდგინეთ”
რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს და საზმაუს სამეურვეო საბჭოს
სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს პარლამენტმა თავისი შეცდომა და მოაშოროს ეს ადამიანი”
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” პარლამენტს და GPB -ს საბჭოს მიმართავს
საზმაუს ბორდის წევრი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე: “შეეშვით მაგ ასო-ზე სტატუსების წერას