სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებასთან დაკავშირებით განათლებისა და შს სამინისტროების მიერ ერთობლივად შემუშავებულ ინიციატივა მიმოიხილა დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა.
პრემიერის თქმით, ეს ინიციატივა მანდატურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. ცვლილებები განათლების შესახებ კანონში შედის.
“პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების და შს სამინისტროებს და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა რისკჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას. სავალდებულო ხდება სკოლების გარე და შინა პერიმეტრებზე კამერების დამონტაჟება. ასევე ცვლილებების შედეგად მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები იცვლება. ახალი მოთხოვნების თანახმად, კანდიდატს ზოგად განათლებასთან ერთად, უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება, უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის.
მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში, სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება. ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პირობებს. პირადი გასინჯვა იცვლება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას. პროცედურა სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორცილედეს და აუცილებელი იქნება მანდატურმა შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების თაობაზე”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.