,,შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ“, _ ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს. კვირიკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა შავი, დაბურული მანქანებით გადაადგილებაზე და მთავრობის წევრებს ავტომობილების განახლება შესთავაზა. უცნობია, რამდენი დაიხარჯება ახალი ავტომობილების შესაძენად, თუმცა, პრემიერის თქმით, ავტომობილების განახლებას საკმაოდ დიდი თანხები მოხმარდება.
,,ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ მინისტრებმა დავიწყოთ და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ექსპერტი პოლიტიკურ საკიტხებში გია ხუხაშვილი ,,გურია ნისუთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ავტომობილების განახლება ფულის მითვისების ახალი კამპანიაა.
,,ეს არის ფულის მითვისების მორიგი კამპანია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არც ერთ ხელისუფლებას ფანტაზიაც კი არ ჰყოფნის, რომ სხვა რამე მოიფიქროს. ყველა კეთილი სურვილებით იწყებს და საბოლოო ჯამში, წრეზე ტრიაელბენ, შავ ჯიპებს უბრუნდებიან. ახლა გარკვეული თანხებია ასათვისებელი და მანქანების შესყიდვით, ბუნებრივია, თანხის ათვისება ყველაზე მარტივი და მომგებიანია. ლაპარაკია მორიგი ფულის ათვისებაზე ყველაზე მარტივ და კარგად აპრობირებულ საქმეში. როცა ყოველი ხელისუფლება ყოველ წელს მანქანას ყიდულობს, რბილად რომ ვთქვათ, ცინიკურად გამოიყურება. ეს ყველაფერი ვითომ ეკონომიისთვის კეთდება, მაგარამ, საბოლოო ჯამში, რას ვიღებთ? ეკონომიაზე არავინ ფიქრობს. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებისადმი. მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში ერთსა და იმავე ტყუილს ვისმენთ და ვიღაც ცდილობს ეს ყველაფერი „გვაჭამოს“, _ განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა ახალი მანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად, პარლამენტი 19 სედანს 855 ათას ლარად შეიძენს.
გარდა ამისა, 2018 წელს საქართველოს პროკურატურა, პრემიერის თანხმობით, 10 სედანს იყიდის, რაშიც ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. შესყიდვის შესახებ საქართველოს პროკურატურამ პრემიერს უკვე შეათანხმა და ტენდერიც გამოაცხადა.
მანქანების შეძენის მიზნით, პროკურატურამ ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ჯამში, ორივე შესყიდვის ბიუჯეტი 713 550 ლარია. ტექნიკური დავალების მიხედვით, მანქანები, რომლებსაც პროკურატურა შეიძენს, 2016 წელს უნდა იყოს გამოშვებული. აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომანქანები საქართველოს პროკურატურამ გასულ წელსაც შეისყიდა.