დღევანდელი ხელმოწერა ყველა ჩვენგანისთვის ისტორიული დღეა – როგორც საქართველოს, ასევე ევროპის მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის დეპუტატმა მარია გაბრიელიმ განუცხადა.
”უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს ხელისუფლების და მოქალაქეების მიერ გაწეული ძალისხმევის ოფიციალური აღიარება. ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი, რომ ჩვენი პატრნიორობა ძლიერდება. ევროპარლამენტი დღეს ნათლად გამოხატავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტიორი აღმოსავლეთ სამეზობლოში. მოდით, ერთად ვიაროთ საერთო ევროპულ გზაზე – ღირებულებების გასაზიარებლად და ჩვენი კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირების გასაძლიერებლად”,- განაცხადა მარია გაბრიელიმ.
ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.