თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად, არ ჰყავთ მძიმე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული.
„განყოფილებაში ახლა 30 პაციენტი წევს და კიდევ რამდენიმე ადგილი გვაქვს. დაინფიცირებულების ასეთი რაოდენობის პირობებშიც კი, ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთული არ არის, მაგრამ ამ 30 პაციენტიდან, 2/3-ზე მეტი მძიმეა. მძიმე პაციენტთა უმეტესობა აუცრელია, აცრილები საშუალო სიმძიმის არიან. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად, აცრილი და დამძიმებული პაციენტი არ გვყავს“, _. აცხადებს მარინა ენდელაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 226 444 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 030 065, გარდაიცვალა 15 060 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.