მეხუთე ტალღის სიძლიერე მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მეხუთე ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი ინტენსივობის, როგორიც იყო მეოთხე.
„მეხუთე ტალღის ადვილად გადასატანად, აუცილებელია მასობრივი იმუნიზაცია. მეხუთე ტალღის სიძლიერე, მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი გვაქვს და მგონია საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, რომ აცრა და რეგულაციების დაცვა აუცილებელია”, – აღნიშნავს მარინა ენდელაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 581 815 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 545 961, გარდაიცვალა 8 233 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.