ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში მორიგ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ძველ, გურულ წესებს ეხება.
“დედაჩემი ყვება – ბებია – ლიზიკო სიხარულიძე ყველაზე მეტად მიყვარდა ამ ქვეყანაზე. მაშინ ეკლესია სად იყო? არ ვიცი როგორ, მაგრამ ბებიამ თითებზე გადათვლით და ახალმთვარეობით იცოდა აღდგომის გამოთვლა. მარხვის წინა დღეს იწყებოდა სამზადისი- გადარეცხავდა ტაბლას, ქვაბებს დააბზინებდა ნაცრით, რაცხა თითო-ოროლა თეფში იყო, იმასაც გარეცხავდა და ეზოში მზეზე დააშრობდა…მერე თავზე ცახოცს კარგად გადიკონავდა, პირჯვარს გადაიწერდა – მოი, ბებია აგერ, დამიძახებდა, საჩვენებელ თითს მომაკაკვიებდა და მისი თითიდან ჩემამადე ბამბის ძაფს მოახვევდა, თან რაღაც ლოცვას ამბობდა … მერე ისეთი თაფლის სანთლის სუნი დადგებოდა, სანთელს დამჭკნარი ხელებით ჯერ ხის დაფაზე დაგორგლავდა, მერე ჩამოქნიდა და პატარ-პატარა ზომებად დაჭრიდა, ბებია მაშინაც ლოცულობდა!
„კლადოვკიდან“ ხაპებს გამოიღებდა – აი, ნენა აწი დეიქუხებს და აღარ ივარგებს, პირველი -ჭექა-ქუხილის მერე ხაპი აღარ იჭუმაო, იტყოდა. ამ დროისთვის ბოსტანი სავსე ქონდა მწვანილით, ოქროს ცერცვით, კეჟერა ფხალით… ჩელტებზე დაფენილ ჩირებს ჩამოიღებდა, -გეიქეცი , ბებია, ჭიდან ერთი ვედრო წყალი ამომიღეთ და ამას გაგირეცხავ და გაჭმევო, რომ იტყოდა, ბაღნები ერთმანეთს ვასწრებდით ჭამდე. ამ დროს ქათამს არც თვითონ დაკლავდა და არც სხვას დააკვლევინებდა – თუ ვინმე მაინც სთხოვდა, ბრაზობდა – გადადით ეზოდან, ღმერთს ვარ შეხვეწებული, იქნება ფრონტიდან ბიჭი დამიბრუნდესო… ამას ყველას ისე ეუბნებოდა, ბებია ისე ასრულებდა ყველაფერს, სად იყო მღვდელი და დიაკვანი, ბებია ისე გულით იხვეწებოდა მიზდა, ისე აღაპყრობდა ხელებს, რომ მჯეროდა, მისი ერთადერთი შვილი – მამაჩემი, დღეს თუ ხვალ მართლა გამოჩნდებოდა!
ბებიამ შელოცვაც იცოდა, მასთან საიდან აღარ მოდიოდნენ და არავის ეუბნებოდა უარს- თვალცემულს, შაკიკიანს, წყლულიანს, ექიმბაშობაც იცოდა. კუჭის ტკივილის უუუებარ წამალს აკეთებდა დინდგილით და მრავალძარღვათი.მაშინაც ლოცულობდა- ღმერთო წამლად არგე, ღმერთოო, წამლად მიჰგვარეო!!! მარტო როცა იყო და რამეს აკეთებდა, მისთვის სუულ ლოცულობდა ხან ჩუმად, ხან ხმამაღლა, ბოლოს დააყოლებდა- ღმერთო და მამაზეციერო, შენ გამაზდიე ჩემი ობლები „ჯანთელი“… ყველაზე ხშირად მამაო ჩვენო მესმოდა, ასე მახსოვს!
პ.ს. ხოდა წლების მერე, როცა აღარც ბებია იყო, ის ბავშვობის სახლიც ფიცარ-ფიცარ დაშალეს, ეზო-კარი გაასხვისეს და დედაჩემიც სუ სხვა ქალქში რომ ცხოვრობდა, ეკლესიაში პირველად წავიდა, იქედან დაბრუნებულმა კი გახარებულმა და თან გაკვირვებულმა მოგვიყვა- არასდროს წამიკითხავს, არც არავის უსწავლებია და ხატებთან რომ მივედი, მამაო ჩვენოს თქმა მომინდა, დავიწყე და ბოლომდე ისე ჩავედი, ერთიც არ შემშლიაო!!! ეეჰ, ვერ ვხედავდი თვარა, კი ვიცი, ლიზიკო ბებია რომ მკარნახობდაო!“ – წერს ფეისბუქზე ნინო კვაჭანტირაძე.