ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი და მწვრთნელი, შოთა არველაძე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს.
“ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა.
ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ. თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ.
ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს – არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა. რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს – არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება.
მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება, _ წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე.