დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურა ოზურგეთში.
უბნების დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, „გურია ნიუსი“ შეეცადა მიეღო მერობის კანდიდატების მიერ ამ პროცესის შეფასება.
„ქართული ოცნების“ კანდიდატის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ავთანდილ თალაკვაძე შედეგების გამოცხადების შემდეგ, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს, მან „გურია ნიუსთან“ ვრცელი კომენტარი გააკეთა და გვთხოვა, შეუმოკლებლად და შეულამაზებლად მიგვეწოდებინა მკითხველისთვის:
_როგორ შევაფასებ და ზოგადად, ამას არ ჰქვიოდა არჩევნები და ყველაფერი იყო არჩევნების გარდა! ეს იყო ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ მოწყობილი წინასაარჩევნო კამპანია საშინელი მეთოდებით: მოსყიდვით, დაშინებით, ძალადობით, პატიმრებით მანიპულირებით! ყველამ ნახა ვიდეო, ჩემი შვილის _ დათას თანაკლასელი ბიჭი, შუაღამისას როგორ აკრავდა ბოძებზე ჩემზე შეთითხნილ პლაკატებს! ამას აკეთებს „ქართული ოცნება“! ბავშვს ასე როგორ უნდა დაუზიანო გონება და მომავალი?! ეს იყო საშინელი კულმინაცია ამ არჩევნების! მე მარტო იმიტომ ვარ გამარჯვებული, მონაწილეობა რომ მივიღე ხალხის მხარდაჭერით. გვერდით დამიდგნენ! საერთოდ, თუ კარგი კაცი ხარ , კარგი ლიდერი, რად გინდა ფულით, დაპირებით, პატიმრის განთავისუფლების დაპირებით ამომრჩევლის მოსყიდვა?! ხალხი ტყუილა არ შეგიყვარებს. თუ შეგიყვარა, დაგიდგება კიდეც გვერდით უანგაროდ. ამიტომ, ვთვლი, რომ ხალხის თანადგომით გავბედე მონაწილეობა და ეს მონაწილეობაც არის უკვე ჩემი გამარჯვება! _ გვითხრა შარაშენიძემ.
[sexy_author_bio]