“ნაციონალურ მოძრაობაში” მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ეხმაურებიან. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით უკრაინის კონსტიტუცია უხეშად დაირღვა.
“ერთი რამ ცხადია, უხეშად დაირღვა უკრაინის კონსტიტუცია, დაირღვა სამართლებრივი ნორმები და ყველაზე მთავარი _ პოლიტიკური ოპონენტი დარჩა მოქალაქეობის გარეშე. მას არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა. ეს დაუშვებელია საერთაშორისო წესებით და ნორმებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება სამართლებრივი გზით სიარული.
გარდა ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ ექნება კარგი პოლიტიკური ცხოვრება ასეთი უსამართლო გადაწყვეტილების მიღების გამო. შემთხვევით არაფერი ხდება. რამდენიმე საათის წინ სოციალური ქსელით თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს ფარული შეხვედრა იყო პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის. ყველაფერს ფარდა აეხდება დამალული არაფერია.
ეს არის სრული სამართლებრივი ქაოსი. ეს არის განუკითხაობა. ამ შემთხვევაში იურიდიული ენით ლაპარაკი არასწორია. ყველა ნორმის უხეში დარღვევაა და ვერ განვიხილავთ ამას სამართლებრივ კონტექსტში. თუმცა გვექნება მცდელობა ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს უკრაინის სასამართლოებში და შემდეგ უკვე საერთაშორისო სასამართლოებში. ეს არის წარმოუდგენელი დიდი საერთაშორისო რეზონანსის მქონე დანაშაულებრივი ქმედება“, _ განაცხადა რომან გოცირიძემ.
მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურეს.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო. ამ ბრძანების ლინკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ახლა გაუქმებულია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წლის დეკემბერში დაკარგა.