დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა შედგა. თუმცა, ვიდრე საკითხებს განიხილავდნენ, ხმაური მოჰყვა სხდომაზე მოსულ, ქალაქ ოზურგეთის, კოსტავას ქუჩის მრავალსართულიანი ბინის მცხოვრებთა შემოსვლას. ისინი ითხოვდენ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის აღდგენას. მათ ისაუბრეს უმწვავეს პრობლემაზე, რომ ხშირად მაღალი სართულების კიბეებიდან ჭირს ავადმყოფის ჩამოყვანა ან პირიქით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს უჭირთ დახმარების გაწევა. ასევე მოხუცებს არ შეუძლიათ პურის საყიდლად ჩასვლა.
ბიუროს სხდომაზე ითქვა, ახლახან ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას გამოხატავდა: „ჩვენ გვინდა ამ დადგენილების დაჩქარებული წესით მიღება, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ვიმედოვნებთ, საკრებულო არ შეეცდება საკითხის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას“.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ჰკითხა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ოსიკო თოთიბაძეს, არის თუ არა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული განცხადება მერიის ოფიციალური პოზიცია.
ოსიკო თოთიბაძემ ეს იუარა და ღურჯუმელიძეს ასეთი პასუხი გასცა:
_ მსგავს საკითხზე არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს მსგავსი კომენტარი არ გაგვიკეთებია. მასე „გურია ნიუსიც“ ათას სისულელეს წერს და ყველაფერზე კომენტარს ხომ არ გავაკეთებთ? _ თქვა მან.
ოსიკო თოთიბაძემ „გური ნიუსთანაც“ გაიმეორა, რომ მსგავსი კომენტარი მერიის თანამშრომლებს არსად გაუკეთებიათ.
_ ხომ თქვით ახლა, რომ „გურია ნიუსი“ ათას სისულელეს წერს. იქნებ, დაგვისახელოთ ამ ათასიდან ერთ-ერთი…
_წადით და ნახეთ, რამდენიც გინდათ.
_კონკრეტულად დამისახელეთ…
_მოვძებნი და გამოგიგზავნით. დამანებეთ ახლა თავი.
_ კონკრეტულად ერთი სისულელე დაგვისახელეთ
_არ გავაკეთებ მე კომენტარს, მივდივარ… დამანებეთ თავი, წავედი…
წასვლამდე თოთობაძეს შევახსენეთ, რომ ხვალ, რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის საკრებულო ეთიკის კოდექსს იღებს ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის გასახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის“ შესახებ, საკრებულომ მოისმინა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2 მაისს. იმ სხდომაზე მერიის წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ და არც არანაირი მოსაზრება არ გამოუთქვამთ, რომ დაჩქარებული წესით უნდა განხილულიყო დადგენილება. 2 მაისის საკრებულოს სხდომა გემახსოვრებათ, ესწრებოდა ,როგორც „გურია ნიუსის“, ისე სხვა მედიის წარმომადგენლები. ასეთი საკითხებისთვის ბიუჯეტში 80 ათასი ლარია გათვალისწინებული, პროექტების გასახორციელებლად. ასევე, მერიას აქვს სარეზერვო ფონდი, 350 ათასი ლარი, საიდანაც შეიძლებოდა დაეფინანსებინათ, გადაუდებლობით თუ დაასაბუთებდნენ. ასევე , დღემდე მოქმედებს ძველი წესი და შეეძლოთ, არ დალოდებოდნენ ახალის მიღებას, ისე ესარგებლათ. რაღაცას დროულად ვერ გააკეთეს და საკრებულოს გადააბრალეს. ხალხი კი კითხულობდა, თურმე მერია აკეთებდა იმ ლიფტებს და საკრებულო უშლიდა ხელს. ეს შეიძლება?“ _ გვითხრა ღურჯუმელიძემ.