ტრაგიკულად დაღუპული ჩოხატაურელი ახალგაზრდის, ვასიკო ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. თარიღთან დაკავშირებით ვასიკოს ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.
“ორმოცი დღე შესრულდა, რაც ჩვენგან წახვედი და ზეცაში დაიდე სამარადჟამო სასუფეველი..
ვასიკოს ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი. მან რთული ცხოვრებით იცხოვრა, იყო მზიანი და ნათელი დღეებიც, მაგრამ ის ბავშვობიდან მოკლებული იყო დედის სითბოს, რადგან რვა წლის იყო, დედა რომ დაეღუპა. ვიღაცა იტყვის, რომ ობლობა რთულია, მაგრამ აუტანელი არაო..
მაგრამ ვასოს ცხოვრება რთული იმითაც იყო, რომ უწევდა ბრძოლა ყოველდღიური შემოსავლისთვის, სადაც გაიხედავდი ყოველი მხრიდან ვასიკო მოდიოდა: ბარით ხელში, ხან ცელით, ხან დრუჟბით,შრომისგან ახალგაზრდა კაცს ხელები დაკოჟრილი ჰქონდა..
ვიცი, არც ეს არის გასაკვირი, მაგრამ ვასო ბავშვობიდან შრომაში იყო, სწორედ ეგ არის გულსატკენი, რომ მაშინ, როცა გახარებას იწყებდა თავის სამ ანგელოზთან ერთად, სწორედ მისი სამუშაო აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო..
გავიდა სახლიდან იმ იმედით, რომ დღის ნაშრომით საღამოზე სახლში დაბრუნების ხანს ბავშვებს გაახარებდა, მაგრამ ვეღარ დაბრუნდა.
წავიდა და დატოვა: ცრემლი, ტკივილი, დარდი და მონატრება.
ნათელი დაუმკვიდროს უფალმა შენს სულს ჩემო სასწაულად კეთილშობილო ძმაო”, _ წერს ნანა კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ კერძო სამუშაოს შესრულებისას 41 წლის ვასიკო ბერძენიშვილი ხიდან ჩამოვარდა. ის მრავლობითი დაზიანებებით ჩოხატაურის შპს “ჯანმრთელობის სახლ გურიაში” შეიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ცენტრის ავტომანქანით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს _ ის ოპერაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გარდაცვლილს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.