საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 11 წლის წინ 7 ნოემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, 2007 წლის 7 ნოემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
„ეს არის დღე, როდესაც სახელმწიფო თავისი რეპრესიული მანქანით და მაშინდელი რეჟიმი დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს, ფეხქვეშ გათელა მათი ღირსება და თავისუფლება.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არასდროს დაუშვებს მსგავსი დღეების განმეორებას ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში და ბოლომდე ერთგული იქნება იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ“,_განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქცია პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრით და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.