ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
„დღეს გარდაცვლილების სტატისტიკა შეიცვალა, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, ნანახია ადამიანის ფრაგმენტი. სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩენილია ავტომობილი ჰიუნდაი, რომელზეც დილითვე მოგახსენეთ. გვქონდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ავტომანქანაში ყოფილიყვნენ დაკარგულები, სამწუხაროდ, მანქანაში დაკარგულების პოვნა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ინტენსიურად გრძელდება მდინარეზე საძიებო სამუშაოები, ამბროლაურის ტერიტორიამდე. ხვალისთვის ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას. დღეის მონაცემებით 25 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და 8 ადამიანის მიმართ ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს. იდენტიფიცირების პროცედურები მიმდინარეობს 5 ადამიანზე. როგორც მოგახსენეთ, 25-26% იყო დარჩენილი მიწის მასის გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.