ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1446 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1338 ადამიანია გამოჯანმრთელებული, გარდაცვლილია 15.
რაც შეეხება ლანჩხუთში არსებულ ეპიდვითარებას და სასწავლო პროცესის სასკლასო ოთახებში განახლებას- ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო მენაღარიშვილი გვეუბნება, რომ ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, მაგრამ ეს ჯერ დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და 1-ლი თებერვლიდან განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამას ეპიდვითარება განსაზღვრავს.
მენაღარიშვილის თქმითვე, მასწავლებლებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულოა.
„18 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე სკოლები იქნება დისტანციურ სწავლებაზე, 1-ლი თებერვლიდან კი შევხედავთ ვითარებას. კლების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ ეს არ იძლევა პირდაპირ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას. მასწავლებლებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულოა და ეს პროცესი დეკემბერში დაიწყო. მასწავლებლების დაახლოებით 25%, ყოველ ორ კვირაში იტესტება. სიმპტომებიანი ისედაც მიმართავს კლინიკას, მაგრამ დეკემბერში რამდენიმე შემთხვევა გამოვავლინეთ, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობდა“,_ გვითხრა ნატო მენაღარიშვილმა.