ოზურგეთში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა „გულისტანის“ ქარხანიდან გურიის გუბერნიის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც მისულებს პოლიცია დახვდათ მობილიზებული. ჩვენი ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები შენობაში არ იმყოფებოდნენ.
შეკრებილებმა პოლიციას მადლობა გადაუხადეს მათივე უსაფრთხოების დაცვისთვის და აღნიშნეს, რომ არსად შევარდნას არ აპირებენ.
„ამ ხალხზე იფიქრეთ, იმიტომ რომ ეს ხალხი არიან მოქალაქეები. ისინი ითხოვენ ღირსეული შრომის უფლებას და მათ უნდა მიიღონ ეს უფლება. მივმართავთ ხელისუფლების უმაღლეს პირს, ირაკლი ღარიბაშვილს. დაინტერესდეს „გულისტანში“ დასაქმებულების, ამ მუშების მდგომარეობით. ადგილობრივი ხელისუფლება ამას არ აკეთებს ან სურვილი არ აქვს რომ გააკეთოს“,_ აცხადებენ ისინი.
აქციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია შესაბამისი პირების ჩართულობა პრობლემის მოსაგვარებლად და ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.
გამოითქვა მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ თუ დამსაქმებელი არ აპირებს ამ ხალხის ამუშავებას, მოძებნოს ხელისუფლებამ ინვესტორი ვინც გამოისყიდის ამ ქარხანას და დაასაქმოს ღირსეულად აღნიშნული ადამიანები.
აქციაზე გაისმა გუბერნატორთან და მერთან დალაპარაკების სურვილიც.
„ეს არის მათთვის გადმოსადგმელი ნაბიჯი. გამოვიდეს გუბერნატორი და მერი და დაელაპარაკოს მშრომელებს“,_ განაცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.
„გულისტანის“ მუშების პროტესტი თითქმის ერთი თვეა რაც გრძელდება. ისინი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ მაგრამ კომპანიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სამუშაოდ მუშები თურქეთიდან ჩამოიყვანა.
დღეს აქციას შეურთდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები სხვადასხვა ქალაქებიდან.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა გუბერნიის ტერიტორია უკვე დატოვეს.