დღეს, 1 თებერვალს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ფუტსალის ნაკრებს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელით რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი ნაკრების გასვლა 1/4 ფინალში უკვე დიდი წარმატებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენები ამ შედეგით არ დაკმაყოფილდებიან და თამაშის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. თანაც დაუმარცხებელი არავინაა. თუნდაც ძალიან მრისხანე მეტოქე.
ჯგუფურ ეტაპზე რუსეთმა ყველა თამაში მოიგო და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ფიფას რეიტინგში მე-5 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატებზე არაერთი მედალი აქვს აღებული და ერთ-ერთია იმ 4 ნაკრებიდან რომლებსაც ეს ტიტული აქვთ მოგებული (ესპანეთი 7, იტალია 2, პორტუგალია 1, რუსეთი 1).ასევე, არც რუსეთის ნაკრები უჩივის ბრაზილიელების სიმცირეს.
ჩვენი ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, მეკარე ზვიად კუპატაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის შეძლებს რუსეთის წინააღმდეგ თამაშს. სამწუხაროდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ელისანდროს თამაში, რომელმაც დაზიანება ბოსნიასთან მატჩში მიიღო და რომელიც ასევე დიდ ძალას წარმოადგენს ჩვენი ნაკრებისთვის.
გუშინ, ორი მეოთხედფინალური მატჩი უკვე გაიმართა. ფავორიტმა პორტუგალიამ დაძაბულ ბრძოლაში შეძლო ტურნირის დებიუტანტი, ფინეთის ნაკრების დამარცხება, ანგარიშით 3:2. ხოლო უკრაინის ნაკრებმა სენსაცია შემოგვთავაზა და ყაზახეთის ნაკრებს 5:3 მოუგო (სწორედ უკრაინას შეხვდება ნახევარფინალში საქართველო-რუსეთს შორის გამარჯვებული). დღეს 23:00 საათზე გაიმართება ბოლო 1/4 ფინალი, სადაც ესპანეთი სლოვაკებს დაუპირისპირდება.
საქართველო ნაკრების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა მაყურებელს პირველი არხის ეთერით შეეძლება. ხოლო ესპანეთის თამაში ტელესკოლის ეთერით.