საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ უკრაინაში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების გაგრძელებისათვის, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ. ჩვენ მზად ვართ ასევე შეხვედრისათვის და სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ მედიაორგანიზაციებმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართეს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და ვეტო არ დაძლიონ. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრასაც ითხოვენ. მათ სახელზე მომზადებულ სპეციალურ განცხადებას ამ ეტაპზე 52 მედიაორგანიზაცია აწერს ხელს.