„მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“- არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დღეს სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
კვლევის მიმდინარეობისას ორგანიზაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში რვა ვიზიტი განახორციელა. ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება.
რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000 ადამიანს შეადგენდა.
„ანგარიშის მიზანია გავაანალიზოთ ის პრობლემები, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს. ჩვენ ვეცადეთ ის ათი წელი, 2008 წლის ომის შემდეგ, გაგვეანალიზებინა და დავინახეთ, რომ რეალურად ომის შედეგები კვლავ სახეზეა. მნიშვნელოვანია, რომ რეალურად გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებობდეს საპოლიციო საგუშაგოები. მოგეხსენებათ, ასეთი საგუშაგოები სოფლებისგან საკმაოდ დაცილებულია და მოსახლეობა ერთგვარად დაუცველად გრძნობს თავს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ უშუალოდ ჰააგის სასამართლომ ეს დანაშაულებები, ეს დარღვევები, რომელიც ატარებს მასობრივ ხასიათს ასევე შეაფასოს და განიხილოს სწორედ არაადამიანური და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების ჭრილში,“- განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა უჩა ნანუაშვილმა.