შავ ზღვაში რამდენიმე ათასი ტონა მაზუთის დაღვრა მხოლოდ რუსეთზე არ იმოქმედებს და იანვრის ბოლოს დაბინძურებამ შესაძლოა, ოდესამდე მიაღწიოს, ასევე, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებს, ხოლო ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთს მიუახლოვდეს.
ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა, ვიქტორ დანილოვ-დანილიანმა “კომერსანტთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ეს უპრეცედენტო მოვლენა, ანუ პირველი შემთხვევაა, როცა შავ ზღვაში ასეთი დიდი რაოდენობით მაზუთი ჩაიღვარა, რაც 21-ე საუკუნის დასაწყისის შემდეგ რუსეთში ყველაზე სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფაა.”
ასევე, რუსი მეცნიერის ცნობით, მინიმუმ, 200-500 ათასი ტონა დაბინძურებული ნიადაგის ამოღებას უკვალოდ არ ჩაუვლია. კერძოდ, უკვე დარეგისტრირებულია ადგილები, სადაც მაზუთიანი ნიადაგის ამოღების გამო ზღვამ ხმელეთზე 30-50 მეტრზე შეაღწია.
დანილოვ-დანილიანს შავი ზღვის მაზუთისგან მთლიანად გაწმენდის ვადებზე პროგნოზის გაკეთება უჭირს, რადგან „200 მ-ზე მეტი სიღრმის ფსკერზე დალექვის შემდეგ მაზუთი შესაძლოა, იქ მეტად დიდი ხნის განმავლობაში “დაწვეს.” მხოლოდ იმის გაკეთება არის შესაძლებელი, რომ აღმავალი ნაკადის შედეგად მაზუთს ამოტივტივებისას შესაბამისი სამსახურები მობილიზებული იყვენენ, რისთვისაც საკურორტო სანაპიროების მუდმივი მონიტორინგი იქნება საჭირო.