ცენტალური საავტომობილო გზის (თბილისი -ბათუმი), გასწვრივ, სოფელ ძიმითის გადასახვევიდან ასიოდე მეტრში, მდინარე სუფსამ, სანაპირო კიდეები კიდევ უფრო მიიტაცა. ახლა მდინარე და გზა გვერდი-გვერდ „ბანაობენ“.
იქვე, მდინარის შუაგულს მიღმა, გაღმა მხარეს ექსკავატორი მუშაობს. ეტყობა, კალაპოტს აღრმავებენ. ალბათ, იფიქრეს, როგორც გასული წლის მიწურულს „გურია ნიუსი“ წერდა, მდინარე სუფსა ტრასაზე არ შემოვარდეს და ხალხი რასაც ვარაუდობდა, ის არ მოხდესო.
ჩვენ „გზამშენი 18“-ის დირექტორს თემურ ჯახვას დავუკავშირდით.
_ბატონო თემურ, გასული წლის ბოლოს , ჩვენ გესაუბრეთ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. ფაქტი სახეზეა, მდინარე ტრასამდე მოვიდა, ნაპირები ჩაქცეულია. თქვენ მაშინ გვითხარით, რომ ორ კვირაში ტენდერი იქნებოდა და მალევე გააკეთებდით… რა ხდება?
_კი, გითხარით, მაგრამ ტენდერს მდინარემ დაასწრო. არ ინერვიულოთ. ნუ გეშინიათ, ხომ დაინახეთ, რომ ტრაქტორი მუშაობს.
_კი, მდინარეში დგას. ალბათ კალაპოტის დამრეცად მოქცევა სურს, რომ მდინარეს დაღმართი უფრო მეტად გაუკეთონ?
_ მუშაობენ უსაფრთხოებისთვის.
_იმ ტენდერის ირგვლივ რა ხდება, რომლის გამოცხადებაზეც გასულ წელს ისაუბრეთ. სავარაუდოდ, ერთ კვირაში უნდა ჩატარებულიყო?
_ტენდერი გამოცხადებული იყო, მაგრამ ტენდერამდე მოაწვა წყალი… ნუ გეშინიათ, სუფსა ტრასაზე არ შემოვა. მალე იქნება ტენდერის შედეგები და გაკეთდება კარგი ჯებირი, _ დაგვამშვიდა ბატონმა თემურიმ.
თემურ ჯახვამ ასევე გვითხრა გასული წლის დეკემბერშიც, _მე ყველაზე მეტად მაწუხებს ეს პრობლემა. არ ინერვიულოთ. საგზაო დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ტენდერი და ერთ კვირაში დასრულდებაო.
თუმცა, ერთი კვირა კიარა სამი თვე გავიდა და სუფსა კატასტროფულად დაუახლოვდა გზის კიდეს.
ვიმედოვნებთ, ბატონი თემურის ნათქვამს ექნება საიმედო დასასრული.
„გურია ნიუსი“ აქტიურად დააკვირდება ამ პროცესს. როგორც ადრე ვწერდით, ჩვენთან ახლაც არაერთი შეშფოთებული მძღოლი თუ რიგითი მოქალაქე რეკავს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
ავტორი