პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სანამ ოპოზიციაში ეროვნული ძალები არ იქნებიან, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მანამდე იქნება.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შეუძლიათ ორ ფეხზე მყარად იდგნენ და ქართული ოცნების ასრულებაზე იზრუნონ.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება იმისა, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არასდროს გვექნება იმისი შიში, რომ რაღაცნაირად ეს მთავარი ღერძი ჩვენი მოქმედებისა რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. პირიქით, როდესაც ცალ ფეხზე დგომაზე ვლაპარაკობდით და როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ რომ „დიახ, ცალ ფეხზე, უნდა დავდგეთ თუ ევროპა გვეტყვის“, ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ. ასე დაიწყო 2011-2012 წლებიდან და ასე გაგრძელდება. სანამ არ იქნება ოპოზიციაში ეროვნული ძალები, მანამდე იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და მანამდე ქართული ოცნების ასრულებაზე ვიზრუნებთ. რაც შეიძლება ჩქარა და მალე ჩვენ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად. ასე რომ თქვენ პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ასე თამამად და ამაყად ვლაპარაკობ“, – განაცხადა მდინარაძემ.