„ვინც დღეს ხმა არ მისცა კონსტიტუციურ ცვლილებებს, თავის ამომრჩეველთან, ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აგებს პასუხს. საერთო კონსენსუსი რომ ყოფილიყო, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო ისევ მათთვის, თუმცა ჩვენ მათ გარეშეც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა რუსთავი-2-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია სპეკულირებდა, რომ თითქოს მათ გადაარჩინეს პროპორციული სისტემა და ეს იყო ისეთივე ტყუილი, როგორ ტყუილებზეც იყო მათ მიერ აგებული ორწლიანი კამპანია რუსთავი 2 -ს საქმეზე, რომ თითქოს ვიღაც იჩაგრებოდა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი.
მამუკა მდინარაძემ, ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელმა დღემ ნაცმოძრაობის და მის სატელიტების – ე.წ ევროპული საქართველოს სრული ლუსტრაცია გააკეთა, რომლებმაც წერტილი დაუსვეს თავის პოლიტიკურ მომავალს.
„დღეს, ჩვენ აღვასრულეთ ხალხის ნება, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ნება. გარდა იმისა, რომ 8 მარტის შეთანხმება ძალაში შევიდა და აღსრულდა, მივიღეთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა. ეს არის ისტორიული დღე, რომელიც ნაც მოძრაობისთვის აღმოჩნდა ისტერიული დღეს და ამას მოწმობს მათ მიერ დაორგანიზებული რამდენიმე ათეული ახალგაზრდის აქცია რომელიღაც კრიმინალის გამოშვების მოთხოვნით. ფაქტია, როდესაც ჩვენ ვიღებდით კონსტიტუციურ ცვლილებებს, ისინი მართავდნენ საპროტესო აქციას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით გაიმარჯვა საქართველომ, რომელმაც გააუმჯობესა დემოკრატიის ხარისხი – ქვეყნის უზენაეს კანონში აისახა გადაწყვეტილება, რომელიც სრულად მიახლოებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.
„2020 წელს ჩავატარებთ არჩევნებს, რომელიც იქნება, ასევე, დემოკრატიის მაღალი ხარისხით გამორჩეული და გაიმარჯვებს ისევ საქართველო და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.