მდინარე ხობისწყალში 65 წლის მამაკაცი დაიხრჩო. ტრისტან გარდავა ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარიდან პირუტყვის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც ის წყალმა გაიტაცა.
მაშველებმა მისი ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს. ამ დროისთვის ცხედარი პატარა ფოთში, მის საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.
წუხანდელი ძლიერი წვიმის გამო, სამეგრელოში სახლები და სავარგულები დაიტბორა. განსაკუთრებით დაზარალდა ჭალადიდის და ხობის სოფლები, სადაც არხმა წყალი ვერ გაატარა, რადგან, როგორც ადგილობრივები ამბობენ, არხი დიდი ხანია, არ გაწმენდილა.
პრობლემები შეიქმნა ზუგდიდი-თბილისის გზაზეც, სადაც გვიან ღამით მოძრაობა, თითქმის, 2 საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
rustavi2.ge