„მიუხედავად იმისა, რომ ტენიანი ზაფხული იყო, მაინც არ არის ჩამონადენის საკმარისი დონე, რაც აშკარად ეტყობა ყველა მდინარეს. მათ შორის, ყველაზე დიდი და რეალური პრობლემა ჩვენთვის არის გრუნტის წყლების ჰორიზონტების დაკლება. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს არასეზონური წყალდიდობები.
ახლა სეზონია და ველოდებით წყალდიდობებს, მაგრამ შესაძლოა, პიკს არა ახლა, არამედ ზამთრის პერიოდში მიაღწიოს. ამჟამად წყალდიდობები მთელს ევროპაში ძალიან აქტიურად მძვინვარებს“, – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
ჩხობაძის თქმით, ბევრი კონკრეტული დეტალის თქმა ამ თემაზე დაკვირვების სადგურების არარსებობის გამო არ შეუძლია.
ნინო ჩხობაძემ ის რეგიონიც დაასახელა, სადაც ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ამ მხრივ.
„განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ზონაში, თუმცა არანაკლებ რთული მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოშიც უკვე, რაც უფრო პრობლემატურია, რადგან ეს უკვე ნიშნავს, რომ ტენდენციურად რაღაც პრობლემები იკვეთება,_ განაცხადა მან.
ვრცლად: bpn.ge