შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.კ. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს ქალაქ კასპში თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც 2008 წელს დაბადებულ ქვეითად მოსიარულეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 11 წლის მარიამ გობრონიძეს შეეჯახა. არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც მშობლების ერთადერთი შვილი იყო ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამარლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. გამოძიებამ დაადგინა ი.კ.-ს ბრალეულობა. პოლიციამ იგი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
ამავე თემაზე: არჩილ თალაკვაძე კასპში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სამძიმრის წერილს ავრცელებს