ახალი წელი თითოეული ჩვენგანისთვის საყვარელი დღესასწაულია და მის შესახვედრად ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ვემზადებით.
გაგიკვირდებათ და არსებობს ხალხი, რომლებიც ამ საზეიმო დღეს ერთგვარი შიშითა და მძიმე მოგონებებით დახუნძლულები ეგებებიან. მათ რიცხვს მიეკუთვნება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ზოგიერთი კინომსახიობიც.
არ ვიცი, ქართველი მსახიობები თხილამურებით სრიალის დიდი მოტრფიალენი თუ არიან, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ ყურადღებით იყვნენ. შეიძლება ზოგიერთ მათგანს ახალი წლის შეხვედრა ბაკურიანში ან გუდაურში აქვს დაგეგმილი და კარგი იქნება, თუ კეტრინ ზეტა-ჯონსის შეცდომას არ გაიმეორებენ. ამ უკანასკნელმა 31 დეკემბრის შუადღეს, მთიდან თხილამურებით დაშვება გადაწყვიტა და სერიოზული ტრამვა მიიღო. შესაბამისად, დღესასწაულს ლოგინში შეხვდა და ზეიმმა უიმისოდ ჩაიარა.
ინგლისელი ჯენტლმენი, პიტერ ო’ტული ვერ ივიწყებდა იმ საშინელებას, რომელიც ბავშვობაში, ერთ შობისწინა საღამოს გადაიტანა. მამამისი შინ გვარიანად ნაქეიფარი დაბრუნდა და პატარა პიტერის უწყინარ შეკითხვაზე, სანტა ბაბუა საჩუქრებს როდის მოუტანდა, მოზარდს ბოროტი ხუმრობა მოუწყო. გარეთ გავიდა და გაბერილ ქაღალდის პარკს ხელის ერთი დაკვრით საშინელი გრუხუნი გაადენინა. მომავალ მსახიობს კი ახარა, სანტამ ეს წუთია თავი მოიკლაო. ო’ტულმა ის „ისტორიული” ღამე ქვითინში გაატარა და იმ დღის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა.
შობა-ახალ წელს ვერ იტანს ჰიუ გრანტიც. ბავშვობაში ჰიუსა და მის და-ძმებს მამამისი ახალ წელს კათოლიკურ ეკლესიაში სიმღერას აიძულებდა. თუ ნორჩები ვოკალურ შესაძლებლობებს სრულად ვერ გამოამჟღავნებდნენ, დესპოტი მშობელი შოლტებით უმასპინძლდებოდა. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ როდესაც მთელი მსოფლიო ამ თარიღს დღესასწაულობდა, მძიმე ნოსტალგიაში ჩავარდნილ გრანტს ნამდვილად არ ეზეიმებოდა.
ლეონარდო დი კაპრიო ასაკით ახალგაზრდა კაცია და ამ ცხოვრების ყველა სიამტკბილობითაც უნდა სარგებლობდეს. „ტიტანიკის“ გმირი შობას ვერ იტანს და ამ დღის მოახლოებასთან ერთად ღრმა დეპრესიაში ვარდება. თურმე თექვსმეტი წლის ასაკში, საახალწლოდ გერმანიაში, ბებია-ბაბუასთან გაემგზავრა. ღამის თორმეტ საათზე ასაკოვნებმა ლოგინს მიაშურეს, ეულად დარჩენილი ლეონარდო კი სახლში ჩაკეტეს და თანატოლებთან გასართობად არ გაუშვეს.