საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის მისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს. სააკაშვილის წერილი ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ შეიტანა. წერილი ადვოკატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ზელენსკის სახელზე შევიტანე სააკაშვილის მიმართვა, რათა მან აღადგინოს სამართლიანობა და დაუბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა“,- დაწერა ადვოკატმა.
წერილში სააკაშვილი ზელენსკის უფლებების აღდგენას სთხოვს.
„მე არ მჭირდება თანამდებობები და პრეფერენციები, მაგრამ თქვენ როგორც კონსტიტუციის გარანტორს, გაქვთ საშუალება, დაიცვათ ჩემი უფლებები და აღადგინოთ სამართლიანობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
წერილში სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვა:
„ყველა იურისტი ირწმუნება, რომ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონოა, რადგან უკრაინის კონსტიტუცის თანახმად უკრაინის მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეიძლება. საერთაშორისო სამართლით კი არ შეიძლება ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება.“- ნათქვამია წერილში. ამასთნავე, სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ ის მზადაა თავისი პოზიცია სასამართლოში დაიცვას.