31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ქართველი დიპლომატი, გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
„დედაჩემი თამარ ჯაოშვილი და ზვიადის დედა მირანდა ფალავანდიშვილი კლასელები იყვნენ. სხვათა შორის, მათი ჩანაწერები სასკოლო ალბომებში, ახლაც მაქვს სადღაც შენახული. მახსოვს, რომ ერთ-ერთი პირველი ბავშვი, რომელიც გავიცანი, ზვიადი იყო. ალბათ, ოთხი წლის ვიქნებოდი. ისინი კიკეთში იყვნენ, ჩვენ – წყნეთში და სტუმრად ჩამოვიდნენ. მე და ზვიადიც კლასელები ვიყავით, ოღონდ ექვსი კლასი, მე მეშვიდე კლასიდან მოსკოვში გადავედი, მამაჩემის გათავისუფლების გამო. თბილისში როცა ჩამოვდიოდი, კლასელებს ყოველთვის ვნახულობდი. მახსოვს, სამი წლის მერე რომ ჩამოვედი, მთაწმინდაზე ავედით ბიჭები, ჩვენი თავები უკვე დიდები გვეგონა და ცოტა ღვინოც დავლიეთ.
ვერ ვიტყვი, რომ დიდობაში უკვე, მე და ზვიადს განსაკუთრებული მეგობრობა და ახლობლობა გვაკავშირებდა, რადგან იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებულები ვიყავით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მის როლს მიუკერძოებლად ვუდგები: საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებაში, ჩვენთან კომუნიზმის დამარცხებასა და ეროვნული თვითშეგნების წამოწევაში ზვიადის წვლილი რომ დიდი იყო, ეს ფაქტია. იგი დამოუკიდებლობის იდეის ერთგული გახლდათ ბავშვობიდან, სკოლის მერხიდან…“_ წერს ჩარკვიანი.