„მე შენ გთვლი მკვლელად, ამხანაგო გობეჯიშვილო… თქვენ არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტზე მეზრუნა”, – 2025 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულის სკამზე მჯდომი ექიმი, გიორგი ახობაძე ასაბუთებდა იმას, თუ რატომ იყო მის საქმეში არა უბრალოდ გადაცდომები, არამედ – მძიმე დარღვევები.
საუბრობდა ვრცლად და შეძლებისდაგვარად თანმიმდევრულად. ცდილობდა ემოციის შეკავებას, თუმცა, მწყობრად, დინჯად და გარკვევით წარმოთქმული სიტყვები ხმის ამოღების სურვილს უქრობდა ყველას, მოსამართლესაც და პროკურორსაც.
„მისი [პროკურორის] განხორციელებული მოქმედება ჩემი მხრიდან, შეფასებულია, როგორც მკვლელობა. მე შენ გთვლი მკვლელად, ამხანაგო გობეჯიშვილო [მიმართავს პროკურორს]. რატომ? იმიტომ არა, რომ დღეს დედაჩემი ცოცხალი არ არის და საფლავში წევს. თქვენ არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის. გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის განმავლობაში გავლილი“.
ამ სხდომამდე 5 დღით ადრე ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა დაკრძალეს. ქალს გადატანილი ინსულტის შემდეგ განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებოდა, იყო პალიატიური პაციენტი და მის მოვლას გიორგი ახობაძე ვერავის ანდობდა. სანამ დააკავებდნენ, დედაზე შინ, ყველა სამედიცინო წესის დაცვით მოწყობილ ოთახში, თვითონ ზრუნავდა.
გიორგი ახობაძე უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყების პირველივე დღეებში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს – ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
აღკვეთის ღონისძიებად გიორგი ახობაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ელის.
- სისხლის სამართლის საქმე
2024 წლის 7 დეკემბრის საღამო გიორგი ახობაძემ აქციაზე გაატარა. ნაშუაღამევს, 8 დეკემბრის ადრე დილას, სახლისკენ გზად საკუთარი მანქანით მიმავალი, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს.
პროკურორის მტკიცებით, გიორგი ახობაძემ უკანონოდ შეიძინა 3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პევეპე“.
გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკი მას თავად პოლიციელებმა ჩაუდეს დაკავებისას.
სასამართლოზე გიორგი ახობაძემ გაიხსენა, რომ დაკავებისას რამდენიმე ადამიანმა გაკოჭა: „მისი [პოლიციელის] ხელი მოთავსდა ჩემ ჯიბეში, ეს რაღაც ნივთიერება, თუ რაღაც, ჩადეს”.
გიორგის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ გიორგის დაკავების პროცესში ბევრი დარღვევა იყო: „საპატრულო პოლიციამ გააჩერა მიმავალი მანქანა, სთხოვეს, რომ იდენტიფიცირების მიზნით გადმოსულიყო. უცებ მივიდა უამრავი პოლიციელი და დაიწყეს მისი ჩხრეკა. არანაირი ოქმი არ ჰქონიათ”.
მისივე თქმით, საქმეში მტკიცებულებებად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია. ისინი ამბობენ, რომ ახობაძეს ნარკოტიკი ჰქონდა და ეს ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს.