ანსამბლ “ერისიონის“ მთავარი დირექტორი, მომღერალი, ლოტბარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ჯემალ ჭკუასელი დღეს 85 წლის გახდა. ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს ცნობილი მომღერლის, შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამის, ბატონი შერმანდის დამსახურებაა ის, რომ მან თავისი ვაჟი სისხლხორცეულად აზიარა განუმეორებელი, უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და საერთოდ, ფოლკლორის დიდ სიყვარულს.
“გურია ნიუსმა“ იუბილართან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.
_ ბატონო ჯემალ, როგორ გრძნობთ თავს 85 წლის ასაკში.
_ ბედნიერი ადამიანი ვარ. ჩემს დაბადების დღეს სახლში ვხვდები. მე გურიაში მირჩევნია, მაგრამ ახლა თბილისში ვარ.
_ კორონავირუსის ხომ არ გეშინიათ?
_ მაი რაფერ შემაშინებს მე?!
_ სამომავლო გეგმებზე, რას გვეტყოდით.
_ ბევრი რამ მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ახლა სად წახვალ ისეთი დროა. მინდა გითხრათ, რომ ეს დროებითია და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა „გურია ნიუსს“, რომ ახსოვს ჩემი დაბადების დღეს. მშვიდობას, ჯანმრთელობას და საუკეთესო დღეებს გისურვებთ ყველას, _ გვითხრა ჯემალ ჭკუასელმა.
ფონდ “ქართული გალობის“ ინიციატივით, 2013 წელს ფონდმა ჯემალ ჭკუასელი დააჯილდოვა ნომინაციაში _ “ღვაწლმოსილი ლოტბარი”; 2013 წლის მაისში ოზურგეთში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, 2015 წელს გახდა ქალაქ ოზურგეთის საპატიო მოქალაქე, 2015 წელს მიენიჭა “ხელოვნების ქურუმის” წოდება. 2016 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.